„70 კმ-ის დასრულების შემდეგ ერთ საათიანი ეკონომია დროში, ანუ 5 საათის ნაცვლად 4 საათში ჩასვლა თბილისიდან ბათუმში, ეს არის ის მინიმუმი რაც იქნება, აქ გათვალისწინებულია ნორმატიული სიჩქარე, ნორმატიული მანძილი, - განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე საუბრისას.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ჩვენ ხაშურის შემოვლითი გზის გახსნის პირობებში სტატისტიკურად არის ნახევარი დრო, ანუ დაახლოებით 25 წუთი სჭირდება იგივე მონაკვეთის გავლას და აქ გაივლის 7-დან 10 წუთამდე, მაგრამ ყველას გვიმგზავრია ხაშურით და ვიცით იქ რა ხდება, განსაკუთრებით ზაფხულში“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი თქმით, ქუთაისის შემოვლითი გზა თითქმის აშენებულია, მაგრამ მის დასრულებას ხელი პანდემიამ შეუშალა.
„რაც შეეხება ქუთაისს, ეფექტი აქ უფრო მეტია, რადგან მთლიანად ქალაქის გადალახვა გიწევს, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება საათზე მეტიც დასჭირდეს. ეს გზა ფიზიკურად აშენებულია, მაგრამ კოვიდიდან გამომდინარე კონტრაქტორს ნახევარზე მეტი შემადგენლობა ინფიცირებული ჰყავს, თუმცა ცდილობს მოახერხოს და გააკეთოს.
რიკოთი არის ყველაზე გადამწყვეტი მონაკვეთი და რეალურად რიკოთი იძლევა ყველაზე დიდ ეფექტს. მთლიანობაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი 30 კილომეტრით მცირდება და წითელი ხიდიდან სარფამდე, საბოლოო ეფექტი ამ მაგისტრალური გზის ნახევრდება, ანუ 8 საათის ნაცვლად უკვე დასჭირდება 4-4 ნახევარი საათი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.