logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თქვენი ლოგიკით რა გამოდის, თუ მოქალაქემ მოასწრო მიტაცება და მშენებლობის დაწყება, დავუკანონოთ?
- +

18 დეკემბერი. 2020. 02:16

 

 

აფრიკის დასახლებაში უკანონო ნაგებობების დემონტაჟს და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს   ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება:

 

დავიწყოთ ზოგადი შეფასებით. ქვეყანაში რომ უტიფრობის აღლუმია, პირველად არ ვწერ. ძალიან კარგად ვხედავთ ნიანგის ცრემლებიან "ვაიუიშნიკებს", რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ ეს ხალხიც და სხვა დანარჩენიც. მთავარია მოსახლეობის ემოციებზე ითამაშონ. თემას არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ  ტრაგედიას იყენებენ შიდაპოლიტიკური ბრძოლისთვის.

ბოდიში არავის მოუხდია მამა-შვილის ფოტოს ფრიალის გამო. ბოლოს, როცა კახი კალაძემ გააჟღერა, რომ 6 შვილის მამაა, მისთვის ბინა არავის დაუნგრევია და მეტიც, პირადი სახსრებით ბინა გადასცა, მიხვდნენ რა, თუ სად ჩაყვეს ფეხი, მაინც გესლი ამჯობინეს: დედაქალაქის მერისგან ქველმოედებას კი არა, პრობლემების სისტემურად მოგვარებას ველითო. უტიფრობაა, სხვა რა უნდა უწოდო?!

მას შემდეგაც კი, როცა მერმა გაასაჯაროვა უკანონო მშენებლობების მეპატრონეთა დიდი ნაწილის ქონებათა ჩამონათვალი, სახლები, ბინები, მიწები, მანქანები, უკან მაინც არ დაიხიეს და გააგრძელეს დანარჩენი ნაწილის გაჭირვებით სპეკულირება. დიახ, სპეკულირება.

არცერთ მედია საშუალებას, ან პოლიტიკურ პარტიას არ შეუწუხებია თავი შეესწავლათ ამ ადამიანთა რეალური მდგომარეობა, ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, ვინ არიან, საიდან ჩამოვიდნენ და სხვა. მაგალითად, ერთ-ერთ სიუჟეტში გაჟღერდა მოკლე კომენტარი, რომ პირმა იპოთეკით დაკარგა სახლი და იძულებული იყო აქ ეცხოვრა. ეკითხათ მაინც, რომელმა ბანკმა გაუყიდა ერთადერთი საცხოვრისი, რომელ წლებში? აღარაფერს ვამბობ, გაერკვიათ ოჯახური მდგომარეობა, შვილები და ა.შ.

 

ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ დაინგრა ნაგებობები, რომლებშიც არათუ არავინ ცხოვრობდა, ცხოვრებაც შეუძლებელი იყო. წარმოდგენა არ გვაქვს, რას შეიძლება ეწოდოს საცხოვრისი. ან ვიცით და შეგნებულად არასწორ შეფასებებს ვაკეთებთ. ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს უტიფრობასთან და ტრაგედიებით მანიპულირებასთან.

 

პანდემიის დროს ამ ღონისძიებას საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ვიზიარებ ამ განწყობას. თუმცა, პანდემიის დასრულებას ვერ დაელოდებოდა მერია, რადგან არავინ იცის როდის დასრულდება. გერმანიაში 2021 წლის შემოდგომით ელოდებიან ვითარების დასტაბილურებას.

 

კი ბატონო, შევთანხმდით, რომ პანდემიის დროს სჯობდა გაეთვალათ ეს რეაქცია, რათა არ მომხდარიყო მასობრივი შეხლა-შემოხლა. მაგრამ, რაზე ვსაუბრობთ, პასუხისმგებლობა ყველაფერზე მხოლოდ ხელიაუფლებას აკისრია? მოსახლეობა, საზოგადოება, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, მედია პასუხს არაფერზე აგებენ?

მაგრად გეშლებათ, ვინც ასე ფიქრობთ. პროტესტი სხვაგვარად შეგიძლიათ გამოხატოთ. რა უფლებით შედიხართ პოლიციასთან ხელჩართულ დაპირისპირებაში?

ვინც ახალისებთ და ამართლებთ სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებას, რა სახელმწიფოს აშენებთ? თუმცა, საბედნიეროდ, თქვენ არ აშენებთ.

 

ახლა შევაფასებ საზოგადოებაში გამოთქმულ სხვა მოსაზრებებს.

გამოითქვა პრეტენზია, თითქოს  სახელმწიფოს არ უნდა დაეშვა მშენებლობის დაწყება.

ა) ვინც ამას ამტკიცებთ, გეტყობათ, რომ არ გაქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. ერთი მხრივ თავისუფლება და ნაკლები კონტროლი გსურთ, მეორე მხრივ ითხოვთ, რომ როგორც კი მოქალაქე სადმე აგურს დადებს, თავზე მაკონტროლებელი დააცხრეს. წარმოდგენა გაქვთ რამდენი მაკონტროლებელია საჭირო?

ბ) რატომ არ საუბრობთ მოქალაქის თვითშეგნებაზე, რომ კანონი არ უნდა დაარღვიოს? მით უმეტეს, რომ ამ უკანონო მშენებლობების პატრონების დიდი ნაწილი საკმაოდ შეძლებულები აღმოჩნდნენ. დანარჩენების ბედი კი გასარკვევია და, ვისაც დახმარება სურს, ამ გზით ვერ დაეხმარებით.

გ) თქვენი ლოგიკით რა გამოდის, თუ მოქალაქემ მოასწრო დარღვევა, მიტაცება და მშენებლობის დაწყება, დავუკანონოთ? მაგ ლოგიკით ქურდი ქურდობის დროს დროს უნდა დავაკავოთ, ხოლო თუ მოასწრო ნაქურდალის წაღება, უნდა ვაპატიოთ. ხომ ასეა?! უფრო მძიმე შედარებების მოყვანაც შემიძლია.

▪გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ამ მიწის აუქციონის გზით გაყიდვა იგეგმება და ამიტომ მიადგნენ ამ ტერიტორიას. თუ ამ გზით აღმოაჩინეს მიწების მიტაცების მცდელობა, ცუდს ვერაფერს ვხედავ. სახელმწიფოს ქონებაა. მოქალაქემ (ბიზნესმა) ელექტრონულად მოიძია ტერიტორია. აღმოვნდა, რომ იქ უკანონო ნაგებობებია. მუნიციპალიტეტმა დაიწყო კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება. რას ხედავთ უკანონოს ან არალოგიკურს? თუ ეკონომიკურად მიმზიდველი მიწის მიტაცება ვინმემ მოასწრო, ამ ტერიტორიის დაბრუნება და აუქციონის გამართვა არ უნდა მოხდეს?

ბევრი განხილვა იყო ადამიანების გაჭირვებასთან დაკავშირებით.  განსაკუთრებით ეხება უსახლკაროებს. გამოითქვა პრეტენზიები მერიის დახმარებებთან დაკავშირებით. მერია სთავაზობს ქირით გაყვანასო. სოცქსელში და მედიაში საუბრობდნენ თითქოს მიუსაფართა თავშესაფარში გადაჰყავთ.

ფეისბუკში ბლოგერებს ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ ვინც პოლიტიკოსობთ, ზედაპირული და პოპულისტური მოწოდებები არ გეპატიებათ. წარმოუდგინეთ საზოგადოებას, მთავრობასაც შესთავაზეთ გონივრული წინადადებები, პროგრამები.

საფიქრალია, ვისაც თბილისში ცხოვრება სურს, უნდა უხადოს თუ არა მერიამ და გადამხდელებმა ქირა ყველას, ან ვის უნდა უხადოს და რამდენი ხნით? საუბარი არაა მათზე, ვინც ცხოვრობდა თბილისში და რაიმე მიზეზით (ხანძარი, ნგრევა და სხვა) დაკარგა საცხოვრისი. მაგრამ ვინც რაიონში სახლს ტოვებს და დედაქალაქში ჩამოდის, იქნებ სახელმწიფო პროგრამებზე ვიფოქროთ, დავეხმაროთ უკან დაბრუნებაში, ან  საზღვრისპირა, ასევე ისეთ რაიონებში ჩავასახლოთ, სადაც შესძლებენ საკუთარი მეურნეობის წარმოებას და თავის შენახვას და ამ მიმართულებით გავუწიოთ ქმედითი დახმარება?!

აქვე, როგორც სამხედროს, არ შემიძლია არ დავწერო, ომის ვეტერანებზე, რომელთა დიდი ნაწილი უკიდურესად შეჭირვებულად ცხოვრობენ. ეს ცალკე და ძალიან დიდი თემაა, ჩვენი სატკივარი და საფიქრალია.

ასე რომ ეს ვრცელი პრობლემაა და თბილისში მიწების მიტაცება და ქაოსური მშენებლობები არაა გამისავალი.

▪საუბრობდნენ სამართლიანობაზე. მესმის და ვიზიარებ. როცა ბიუჯეტის მფლანგველები მილიონერები და მილიარდერები ხდებიან, პარტიებს, ტელევიზიებს ქმნიან, ან ქვეყნიდან გარბიან, დაუსჯელები დადიან, ამ დროს ვიღაცას ქოხს ვუნგრევთ, ტოვებს უსამართლობის განცდას. მაგრამ რა გზა უნდა ავირჩიოთ, ქაოსის? ქაოსს ხომ არ სჯობს დასასჯელების დასჯა მოვითხოვოთ და ამ მიმართულებით ვიაქტიუროთ?!

თუმცა, ვინც ამ აქტივობებს სათავეში უდგანან, მათი დიდი ნაწილი თავად არიან დასასჯელები.

ქველმოქმედება კახა კალაძეს პრეტენზიად წაუყენეს. მესმის. ორი ტიპის ქველმოქმედი არსებობს. ერთი არ ახმოვანებს გაკეთებულ სიკეთეს, მეორე არ მალავს. ბიძინა ივანიშვილის 90-ანი წლებიდან ქველმოქმედება, 10-12 წლის წინ გახდა ცნობილი. ბევრი რამ დღესაც არ ვიცით. კახა კალაძემ ბინა საჯაროდ აჩუქა. კი ბატონო, გააკრიტიკეთ, თქვენი საქმეა. კრიტიკას ხომ არ სჯობდა სხვებისთვის მოგეწოდებინათ სოციალური სოლიდარობისკენ? სხვათაშორის ღია ქველმოქმედება მაგალითის მიმცემიცაა სხვებისთვის. ისე, ქველმოქმედებას არ აკრიტიკებენ. პირიქით, ახალისებენ, რადგან მსოფლიოში ქველმოქმედება სოციალურად დაუცველთათვის დახმარების ერთ-ერთ გზად მიიჩნევა.

არავინაა სისტემური მოგვარების და ქვეყნის აყვავების წინააღმდეგი. პირიქით.

მწვავედ განიხილავდნენ "ზამთარში გამოსახლებას". რადგანაც ეს არ იყო საცხოვრებელი ფართები და იქ არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად, "ზამთარში გამოსახლება" ან ინფორმაციის უქონლობის ბრალი იყო, ან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner