„ოპოზიციამ ქართველი ამომრჩევლის წინაშე საკუთარი ვალდებულება უნდა გაითავისოს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ თავმჯდომარემ დავით ჩიხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონი რომელიც განსახილველად არის წარდგენილი, არცერთ ასპექტში არ ზღუდავს პოლიტიკურ ცხოვრებას.
„მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში დარეგისტრირებულმა კანონპროექტმა (კანონპროექტი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას ითვალისწინებს) სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლების ვნებათაღელვა გამოიწვია. ისინი აპელირებენ, თითქოსდა, აღნიშნული პროექტი ზღუდავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, რაც მტკნარი სიცრუეა.
„როგორც ქუხს ისე არ წვიმს“. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი, ნაკარნახევი სწორედ ოპოზიციონერთა მიერ არის, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს საკუთარი ნებით აცხადებენ, ეს მათი არჩევანია.... ისინი გაურბიან და თავს არიდებენ ვალდებულებას, ვალდებულებას, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა დააკისრა. ღრმად მწამს, არცერთ ამომრჩეველს ხმა ოპოზიციისთვის იმის გამო არ მიუცია, რომ პარლამენტში არ შესულიყვნენ და არაფრის კეთებაში ხელფასი აეღოთ (დაფინანსება მიეღოთ), არამედ მათ ხმა იმიტომ მისცეს, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და პოლიტიკური აქტივობა პარლამენტში განეხორციელებინათ“, - აღნიშნა ჩიხელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ხელფასი გადაუხადოს:
„კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ კანონი რომელიც განსახილველად არის წარდგენილი, არცერთ ასპექტში არ ზღუდავს პოლიტიკურ ცხოვრებას. უბრალოდ პარტიებს, რომლებიც სადეპუტატო მანდატებს სრულად არ აითვისებენ ან მათი წარდგენით არჩეული დეპუტატები სხდომებს „არასაპატიო მიზეზით“ გააცდენს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. რაც ლოგიკურია, ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ხელფასი გადაუხადოს.
რაც შეეხება ოპოზიციას, საჭიროა ქართველი ამომრჩევლის წინაშე საკუთარი ვალდებულება გაითავისონ, გამოავლინონ სახელმწიფოებრივი აზროვნება და შევიდნენ პარლამენტში, რადგან თავიანთი ქმედებით, მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ უმეცრებას და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ დრომოჭმულ მისწრაფებებს უსვამენ ხაზს“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.