„მოლაპარაკების პრინციპებთან მიმართებაში უკიდურესად უხერხული მდგომარეობა შეექმნა ოპოზიციას და ახლა ცდილობენ, ირაკლი კობახიძეს დააბრალონ ის, თუ რატომ არიან არაკონსტრუქციულები და კვლავ იმ მავნებლური პოლიტიკის მიმდევრები, რაც სააკაშვილმა დაიბარა“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება.
„არავითარი არგუმენტი აღარ დარჩათ საიმისოდ, რომ გაამართლონ საბოტაჟი, რომელსაც ისინი ეწევიან პარლამენტის წინაშე. მათთვის ძალიან რთულია ამ პოზიციით დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და დაასაბუთონ, თუ რატომ არ უჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას თავისივე მეთაურობით, ვიდეო-თვალის შემოწმებას, რა დანაშაული ჩაიდინა, თუ საერთოდ იყო დანაშაული, „სამართლიანმა არჩევნებმა“, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამ შეკითხვებზე პასუხები არ აქვთ და ცდილობენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებს გადააბრალონ ის, რომ მოლაპარაკებებზე ამბობენ უარს და თავს იკავებენ. ძალიან რთულია დაჯდე საერთაშორისო პარტნიორებთან და მთელი ქვეყნის გასაგონად, უარგუმენტოდ გააკეთო განცხადებები იმის თაობაზე, რომ ძალადობრივი რევოლუცია საქართველოს სჭირდება და სწორედ ეს არის ის, რაც სამართლიანობას აღადგენს. ამ ვითარებაში, რასაკვირველია მოლაპარაკებებს ინსტიტუტის ფორმატის გამოყენება მათთვის არანაირად არ არის მისაღები.
სასწორის ერთ მხარეს დევს „ნაციონალური მოძრაობის“ ახირება, დესტრუქცია და მავნებლური პოლიტიკა, რათა შეცვალოს ვითარება და დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაში მოვიდეს, მეორე მხრივ, არსებობს ინტერესი ქვეყნისა, გქონდეს ბიუჯეტი, გყავდეს სახელმწიფო სტრუქტურები და მართავდე სახელმწიფოს ამ ურთულესი გამოწვევის პირობებში. რასაკვირველია ასეთ ვითარებაში მეორე მიმართულებას აირჩევს უმრავლესობა მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც ქმნის ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა რწმენას, რომ მოიძებნებიან ადამიანები და პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც უფრო მაღალი პასუხისმგებლობით იქნებიან სახელმწიფოს, მისი ხალხის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ვიდრე ამას გამოხატავს „ნაცკლასტერი“. ეს არის რწმენა იმისა, რომ საქართველოს არ ემუქრება ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამ ჯგუფის მიერ სრული საბოტაჟის პირობებში მოგვიწია პარლამენტში მუშაობა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ე.წ. მრავალპარტიული სააკაშვილის პარლამენტი იყო სწორედაც, რომელმაც ყოველგვარი რეგლამენტის დარღვევით მიიღო კონსტიტუცია და კიდევ ერთი დიდი ვადით შეუნარჩუნა ამ კონსტიტუციამ სააკაშვილს მმართველობის პერიოდი, რომ არა „ქართული ოცნება“ და რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ეს რეალობაა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.