უნდა მოიხსნას თუ არა საახალწლოდ დაწესებული შეზღუდვები - ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც ექსპერტი წერს, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ მთავრობა არსებულ შეზღუდვებს არ გააუქმებს.
„დღეს მთავრობას ფაქტიურად სქილასა და ქარიბდას შორის უწევს გადაწყვეტილების მიღება, ერთის მხრივ სავაჭრო ქსელების ინტერესების გათვალისწინება და მეორეს მხრივ, კოვიდ პანდემიური სიტუაციის აფეთქების პრევენცია და რისკების მართვა. სიტუაცია კი მთელ მსოფლიოში და ევროპაშიც არის არაორდინარული. პრაქტიკულად, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ლოქდაუნების მოხსნის შემდეგ, გაიხსნა ეკონომიკები და პირველ რიგში ეს მომსახურების სერვისებს ეხებს, ყველგან ვირუსის აფეთქება მოხდა. გერმანიაშიც კი რომელიც ევროპის სამხრეთ ნაწილისაგან განსხვავებით, შედარებით დისციპლინირებული მენტალობა მძლავრობს, წინასაახალწლოდ მთავრობა არა თუ შეზღუდვების შერბილების, არამედ გამკაცრების სტრატეგიაზე გადავიდა. იგივე შვეციამ, რომელმაც თავის დროზე ლიბერალური მიდგომა არჩია და ეკონომიკა არ ჩაკეტა, მკაცრი შეზღუდვების პრაქტიკაზე გადავიდა და აღიარა, რომ ვირუსის ზეგავლენა სათანადოდ ვერ შეაფასა, ხოლო ასე რეკლამირებულმა ე.წ ჯოგურმა იმუნიტეტმა ფიასკო განიცადა.
ანალოგიური სიტუაცია არის შექმნილი ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის მზარდია პანდემიის მაშტაბები იტალიაში და ესპანეთში. ცალკე თემაა ბრიტანეთში ვირუსის ახალი შტამის გავრცელება, რასაც ისედაც ემატება გრიპის სეზონი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
ასეთ სიტუაციაში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა თუ საერთოდ არ მოხდება შემსუბუქება არსებული შეზღუდვების, მიუხედავად სავაჭრო ქსელების დაპირებისა, რომ წესები მკაცრად იქნება დაცული. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მზად ამ ტიპის გამოწვევისათვის არც სამოქალაქო პატრიოტიზმის, არც თვითორგანიზების და არც თვითდისციპლინის თვალსაზრისით. ეს მხოლოდ ე.წ შავ პარასკევს არ ეხება. ევროპაში არც ორას კაციანი ქორწილები და არც ღრეობები არ გაუმართავთ და მაინც ვერ აიცილეს თავიდან პანდემიის მეორე ტალღა. ოპოზიციური პოლიტიკური კლასის ქცევაზე დეტალურად აქ აღარ შევჩერდები, რაც უარესი, მით უკეთესის ნარატივზე რომ ზის დღემდე! მით უმეტეს, რომ ახალი წლის დღეებში ოჯახური თავყრილობები მაინც იქნება.
აქედან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელია ვიღაცის კომერციულ ინტერესებზე თარგის მოჭრა. გაცილებით სწორი იქნებოდა, არა რამდენიმე დღით სავაჭრო ქსელების გახსნა და მერე ისევ დაკეტვა, რისკის მაღალ ტურბულენტურ ზონაში შესვლით, არამედ ძველით ახალი წლისათვის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე ფიქრი და ისიც თუ ვირუსული ინფექციის გავრცელების სტატისტიკა იქნება მკვეთრად კლებადი.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკის გახსნის ეს ერთკვირიანი თუ ათდღიანი ეფექტი, მთლიანად იქნება გადაფარული იმ ნეგატივით, რაც ვირუსის აფეთქეების შედეგად, რისი რისკებიც თუ ამ დარგის სპეციალისტების აზრს გავითვალისინებთ, ძალზე მაღალია, რაც ეკონომიკის უკვე იძულებით ჩაკეტვას მოყვება!
დღეს სიტუაცია არც ისე საგანგაშოა, როგორც ამას ინტერესთა ჯგუფები ხატავენ. პანდემიამ ხელი შეუწყო დისტანციური სერვისების განვითარებასაც და ტრადიციული გაყიდვების ალტერნატიულ არხებადაც აქცია, შედეგად დისტანციური გაყიდვების სერვისები სულ უფრო პოპულარული ხდება. პრაქტიკულად ყველანაირი საქონლის შეძენაა შესაძლებელი, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ისე ტანსაცმლის აქსესუარების, ასევე აგროპროდუქციის თუ საზკვების მზა პროდუქტების ჩათვლით“, - წერს ცუცქირიძე.