„როცა ოპოზიცია არ არის პარლამენტში, ეს ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში ვერ იმართება იმ სახის პოლიტიკური დისკუსია, რა დისკუსიაც შეიძლება წარიმართოს“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ არის მხოლოდ მთავრობა და მხოლოდ პარტია, რომელიც ხმათა უმრავლესობით შედის პარლამენტში, არამედ ხელისუფლება არის მათ შორის ოპოზიცია.
„როცა პარლამენტზე ვლაპარაკობთ, თუ საქართველოს მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში იხილოს 9 პარტია, ბუნებრივია, ეს არის სწორედ ის 9 პარტია, რომლებმაც უნდა იკისროს ამ ხელისუფლების ტვირთი, ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანია დისკუსია და ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.