„შალიკოს და მამუკას საფიხვნოების ე.წ. „ოპოზიციურმა ერთობამ“ დაიწყო სხვა ქვეყნების (მოლდოვა, სერბეთი) მაგალითების მოშველიება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის გასამართლებლად. სერბეთის მაგალითი საქართველოსთვის ვადამდელი/ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად არ გამოდგება, რადგანაც ახალი არჩევნების დანიშვნის მიზეზებია განსხვავებული“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არც მოლდოვაში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნები გამოდგება პარალელების გასავლებად.
„საქართველოში ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს მხოლოდ იმიტომ, რომ მიაჩნიათ რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. სერბეთში ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვდა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა წვდომა მედიაზე, იყო შეზღუდული სხვადასხვა შემზღუდველი ინსტრუმენტებით, უჩიოდა დემოკრატიის ხარისხს და ა.შ.. სერბული ოპოზიცია ახალი არჩევნების ბოიკოტირებასაც აპირებდა, რის გამოც ევროკავშირის რისხვა დაიმსახურა. საქართველოში ოპოზიციას მედიაზე ყველაზე ფართო წვდომა აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ვადამდელი არჩევნების მიზეზები აბსოლუტურად განსხვავებულია. ოპოზიციას საქართველოში, უნდა რომ ვადამდელი არჩევნებით, მმართველ პარტიას არჩევნების გაყალბება აღიარებინოს და ამით ფაქტიურად განდევნოს პოლიტიკური ველიდან.
არც მოლდოვაში დაგეგმილი ვადამდელი არჩევნები გამოდგება პარალელების გასავლებად, პრეცედენტად ან ანალოგიად. იქაც თვისობრივად განსხვავებული მიზეზებია თუ რატომ დადგა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა და რასაც თავად მმართველი კოალიცია არ ეწინააღმდეგება. მოლდოვის 101-წევრიანი პარლამენტი არჩეულ იქნა მაშინ, როდესაც ქვეყანად ფაქტიურად ამჟამად გაქცეული ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი მართავდა. მან პარლამენტში ისეთი ხალხი გაიყვანა, რომლებიც საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობდნენ. თანაც, მოლდოვაში ვადამდელი არჩევნების საკითხი, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მომწიფდა და ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულმა ახალმა პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მაია სანდუმ დააყენა. არც მას და არც მის პარტიას არ უთქვამთ, რომ წინა არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ითხოვენ ახალ არჩევნებს, როგორც ამას აქაური ოპოზიცია ამტკიცებს.
მოკლედ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა იმ „არგუმენტებით“ რითაც აქაური ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ითხოვს, აქაური დესატრუქციული ოპოზციის „Know How” გახლავთ და სამწუხარო იქნება თუ მას დასავლეთი რაიმე ფორმით მხარს დაუჭერს ან წაახალისებს, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნე გუშინ, ამით ქვეყანაში სახიფათო პრეცედენტი შეიქმნება“, - წერს ანჯაფარიძე.