თავიდანვე ვაღიარებ, რომ იმ საკითხში, რასაც სააკაშვილის ნაცხროვის საბოლოოდ აძაღლება და ჩაძაღლება ჰქვია, საგანგებო კონსულტაციები გავიარე ნაცპარტიის თავმჯდომარეობიდან გაქცეულ გრიშა ვაშაძესთან, რომელიც, როგორც საქვეყნოდ ცნობილია, საბჭოთა „კაგებეს“ დამსახურებული აგენტი და ასეთ საქმეებში ფრიად გაქნილი და გამოწვრთნილი გაიძვერა გახლავთ!
მართლაც დიდი ოსტატობა სჭირდება იმას, რომ ჭიპი „კაგებეში“ გქონდეს მოჭრილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მაშინდელ კულტურის მინისტრს ალექსანდრ ავდეევს წერილს წერილზე უგზავნიდე და ეღრიჯებოდე – მოსკოვში ქართველებს კონცერტები ჩაგვატარებინეთო! – და ამ დროს ამერიკელებსა და ევროპელებს „აბოლებდე“ – სააკაშვილი, მე და ნაცსექტა „თქვენი ვართ, თქვენთვის მოვკვდებით, თქვენზედვე მგლოვიარეო!“
მოკლედ, მას შემდეგ, რაც ვაშაძის ნაცპარტიიდან მოკურცხვლას სააკაშვილის სექტამ ცხარე კურცხალი არ გაატანა, გრიშა გამწარდა, გერმანული კურცჰაარივით გაინაბა და ახლა სულ იმის ფიქრშია, ნაცსექტა როგორ ააძაღლოს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენი და გრიშა ვაშაძის გზები გადაიკვეთა.
სააკაშვილის პარტიის ასაქოთებლად ვაშაძემ საბჭოთა „ენკავედეს“ სამი ყველაზე უფრო ოდიოზური მამამთავრის – ფელიქს ძერჟინსკის, ჰენრიხ იაგოდასა და ნიკოლაი ეჟოვის მიერ დამოწმებული და ხელმოწერილი სპეცდავთრები სკივრიდან ამოალაგა და რამდენიმე რეკომენდაცია ჩამომიწერა.
პირველი რეკომენდაციის თანახმად, შექმნილ სიტუაციაში, ნაცსექტის სწრაფად ასაძაღლებლად, სააკაშვილის აძაღლებაზე უკეთესი წამალი არ არსებობს! მაგრამ, რაკი სააკაშვილი უკრაინიდან ყირგიზეთში აპირებს გადაბარგებას, ეს უკვე ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ნაცფიურერსა და საქართველოს ნაპრეზიდენტალს სულში ძაღლი მართლაც მიაკვდება. სად დამარხავენ სააკაშვილს – ბიშკეკის მავზოლეუმში, ისიკ-ყულის ტბის პირას, პრეჟევალსკისა და მისი ცხენის გვერდით თუ ქალაქ ოშში, ეს უკვე მისმა პატრონებმა განსაზღვრონ.
გრიშა ბიძიას მიერ ხელმოწერილი მეორე რეკომენდაცია ასე ჟღერს – „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაანებოს ნიკუტა გვარამიას ლანძღვას! პირიქით, ეს შარვალჩახდილი ტუტრუცანა როგორმე უნდა შეაქონ. უფრო მეტიც, ნიკუტა გვარამიას ფარულად მოუწონონ არათუ აწ განსვენებული მამამისის გულზე ძაღლის დამარხვის სატანური ფაქტი, არამედ ისიც, როცა „მთავარი არხის“ ეთერში გამოდის და ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ელჩებს ძაღლის უკანალში დაარბენინებს. ირიბად ისიც მიანიშნონ და ნაცსექტაში ის აზრიც გააძლიერონ, რომ სააკაშვილის პარტიას სწორედ ნიკა გვარამიას მსგავსი ლიდერი სჭირდება... მოკლედ, როგორც გრიშა ბიძია ირწმუნება, თუ ხელისუფლება დაუჯერებს და ამ ყველაფერს გაითვალისწინებს, ნაცსექტაში ისეთი ამბავი ატყდება, ელისტრაკო კილაძის ნიფხავს ბოკერიას ცოლის ჩექმებში დაუწყებენ ძებნას!
ვაშაძის მესამე რეკომენდაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებლად უნდა წაახალისოს და დაგეგმოს პოლიტიკური ქორწინებები! მაგალითად, მეგი გოცირიძე მოატაცებინონ ვასიკო ჩიგოგიძეს, მაგრამ პირველი ღამის უფლება დაუტოვონ ლუკა მაჭუტაძეს! ხოლო ხატია დეკანოიძეს პირიქით, ვალერი გელბახიანი მოატაცებინონ! თინა ბოკუჩავა გააყოლონ გია ვოლსკის, ხოლო ელენე ხოშტარია – იაგო ხვიჩიას ან დეზდემონას...
პოლიტიკურ ქორწინებებზე საუბარი ვაშაძემ ერთი საგულისხმო ინფორმაციის გაჟღერებით დაასრულა – „გირჩელი“ ვახტანგ მეგრელიშვილი ჩიხტიკოპით დამშვენებული და ფატაში გამოწყობილი რახანია, გამტაცებლებს ელის, მაგრამ მაგის მადლი არავინ მოისხა და დღემდე კაციშვილი არავინ გამოუჩნდაო!
გრიშა ვაშაძის მეოთხე რეკომენდაციით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოუხშიროს ქეიფებს და ამ საქმეში მთელი თავისი რესურსებით ჩართოს ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე. მართალია, ბატონი გივი ჩემს მშობლიურ ვანის რაიონს მხოლოდ არჩევნების დღეს სტუმრობს, მაგრამ ის დიდებული მომღერალია და კარგი იქნება, თუ აწი მამუკა მდინარაძის ნაცვლად ნაცებთან და ევრონაცებთან არა მხოლოდ „ჟუჟუნა წვიმას“, არამედ სხვა სიმღერებსაც იმღერებს... მაგალითად, „როცა ვახსენებ პარტიას“, „გულს რად მიკლავ“, „გოგო, ცოლად გამომყევი, შეგიკერავ ბაჩაჩებსა“, „შენი გული, ჩემი გული“ და ა.შ.
გრიშა ვაშაძის მეხუთე რეკომენდაცია სკანდალურია... კერძოდ, როგორც თავად აცხადებს, მიიღონ „ქოცმოძრაობაში“ და დაშლის „ნაცმოძრაობას“!
აი, ეს რეკომენდაციები შევუგროვე ხელისუფლებას საახალწლოდ, რომლებიც, მგონი, სასაცილოც გამოვიდა, სატირალიც და მწარე სიმართლით შეკაზმული...
დანარჩენი კი ხელისუფლებაზეა, რომელმაც დიდი ალექსანდერ მაკედონელის მამის ფილიპე მაკედონელის სიტყვები არასოდეს უნდა დაივიწყოს – ჯერ არავის აუგია ისეთი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ოქროთი დატვირთული ვირი ვერ აიღებს!
ჰოდა, ძვირფასო ხელისუფლებავ, ოქროც ბევრი გაქვთ, ვირებიც ბევრი გყავთ და იმოქმედეთ!
ფილიპე მაკედონელი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო...
კაცთა მოდგმის 24 საუკუნემ, რომელიც მის ეპოქას გვაშორებს, დაამტკიცა, რომ ის, რაც ფილიპემ ციხე-სიმაგრეზე, ოქროზე და ვირზე თქვა, უტყუარია!