მედიაჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმსმა“ წელს პირველად, ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა და წლის პიროვნება, წლის პოლიტიკოსი, წლის ანტიგმირი, წლის დიპლომატი, წლის მედიკოსი, წლის ბიზნესმენი, წლის კულტურის მოღვაწე, წლის სპორტსმენი, წლის პროფესია, წლის პოლიტიკური მოვლენა და წლის პრობლემა გამოავლინა.
გამოკითხვაში წამყვანი მედიასაშუალებების 29 საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი მონაწილეობდა. ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა 11 ნომინაციაში საკუთარი ფავორიტები დაასახელეს.
მედიაგამოკითხვის მიხედვით, წლის ადამიანი ილია მეორე გახდა.
წლის პოლიტიკოსად მედიის წარმომადგენლებმა ხმათა უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაასახელეს.
წლის ანტიგმირი, ჟურნალისტების უმრავლესობის აზრით, გუბაზ სანიკიძეა.
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ გამოკითხვის მიხედვით, წლის დიპლომატი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გახდა.
წლის მედიკოსად ჟურნალისტებმა ხმათა უმრავლესობით, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი დაასახელეს.
წლის ბიზნესმენად ჟურნალისტებმა „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე მიიჩნიეს.
გამოკითხვის მიხედვით, წლის კულტურის მოღვაწე ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი გახდა.
წლის საუკეთესო სპორტსმენად ჟურნალისტებმა კალათბურთელი თორნიკე შენგელია აღიარეს.
წლის პროფესიად გამოკითხვის მიხედვით ჟურნალისტებმა მედიკოსი დაასახელეს.
წლის პოლიტიკურ მოვლენად ქართველმა ჟურნალისტებმა დავითგარეჯას საკითხი მიიჩნიეს. წლის პრობლემად ხმათა უმრავლესობით, ახალი კორონავირუსი დასახელდა.
„2020 წელი, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ეს განპირობებულია როგორც მსოფლიო პანდემიით, ისე - ლოკალური პოლიტიკური პროცესებით. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები ფრონტის წინა ხაზზე ვართ, ისევე, როგორც პოლიციელები და მედიკოსები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი კოლეგები გამოგვეკითხა და მათ მიერ შეფასებული მოვლენები გაგვეცნო საზოგადოებისთვის. ჟურნალისტების შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ მათი გამოცდილებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ყველა წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა“, - განაცხადა მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა, მალხაზ გულაშვილმა.
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ 2020 წლის გამოკითხვის მიხედვით, ჟურნალისტების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: