„თანხა, რომელიც აშშ-მა საქართველოსთვის გამოყო, რეკორდულია. ეს თანხა მოხმარდება როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ისე - ეკონომიკურ, დემოკრატიულ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 50 მილიონით გაიზარდა ყოველწლიური ბიუჯეტი. წელსაც, განმეორებულია სახელმწიფო მდივნის მიმართ მოთხოვნა, რომ შეადგინოს მოხსენება ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან $132 მილიონზე მეტს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია ამერიკის 2021 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.