„COVID-19 ფონზე და მის შემდეგ, ყველა საგარეო ფაქტორ-კონიუნქტურის გათვალისწინებით, საქართველოს მოუწევს მომავალ სამწლიან პერიოდზე გათვლილი სრულიად ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება ქვეყნის იმიჯის გასაუმჯობესებლად“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მართალია, ოკუპაციიდან და მძიმე საშინაო ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობისათვის შესათავაზებელი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ ის რაც რეალურად გვაქვს და ჯერ კიდევ მუშაობს, უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ ჭკვიანურად.
სატრანზიტო ფუნქცია, ტურიზმი, საინტერესო ინოვაციები, საქართველო-ევროკავშირის-ურთიერთობები და ეკონომიკისა და საზოგადოების მდგრად განვითარებაზე გადამყვანი ტექნოლოგიებისა და ფორმატების შემუშავება უნდა გახდეს ჩემი მოკრძალებული აზრით ის რითაც საქართველო მომდევნო სამი წელი აქტიურად უნდა ტრიალებდეს საერთაშორისო პოლიტიკური და საქმიანი წრეების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მენტალურ რუქებზე.
პოზიტიური და ნიუანსირებული იმიჯის შექმნა მკაცრ და მომთხოვნ აუდიტორიაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არ იქნება იოლი, მითუმეტეს მძაფრი კონკურენციის პირობებში. მითუმეტეს თუ ამ საქმის შემსრულებლები და სპონსორები ზედმიწევნით და გამჭვირვალედ არ შეარჩიე, „იქ“ რომ Due Diligence უწოდებენ“, - წერს ანჯაფარიძე.