„ინდივიდუალური საკითხები უნდა გადაწყვიტოთ ინდივიდუალურად. იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება ამნისტიაში ვერ უნდა მოხვდეს. ეს არაა მსუბუქი დანაშაული“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„იარაღის თემას ეხება.
1️. გაგაოცებენ ეს პოლიტიკოსები. იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება შეიტანეთ ამნისტიაშიო.
მესმის, რომ ერთი პირის გამო ითხოვთ, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი მუხლის ამნისტიაში შეტანა? აზროვნებთ?
2️. კიდევ ერთ თემას გამოვეხმაურები, რომელიც იარაღის ტარებას და მის გამოყენებას ეხება.
კახეთში ტრაგედია დატრიალდა. სამართალდამცავმა მოქალაქე მოკლა.
არ ვიცი რა მოხდა, რა მიიყვანა პოლიციელი მკვლელობამდე. გამოძიება და სასამართლო თავის სიტყვას იტყვის. რა თქმა უნდა უმძიმესი დანაშაულია და ორმაგად მძიმეა პოლიციელის მხრიდან.
რამდენიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე, აქაც დავწერ და სამინიატროსაც იდეას მივავწდი.
პირველი პრობლემა ისაა, რომ პოლიციელს, სამხედროს თუ სხვა ძალოვანს დაცვის ფუნქცია აკისრია, თმენის მეტი ვალდებულება აქვს და, აქედან გამომდინარე, ქცევის სხვა სტანდარტი მოეთხოვება.
რაც არ უნდა მოხდეს, შელაპარაკება, შეურაცხყოფა და სხვა, ძალოვანმა ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
მეორე პრობლემაა იარაღის ტარების კულტურა. გახსოვთ შაშკინის მარიაჟობა არჩევნებისას?! მსგავსი მიუღებელია.
როგორც გენერალს ტარების უფლება მაქვს. მაქვს იარაღიც, თუმცა იშვიათად მნახავთ. ვფიქრობ იმისათვის არ მოუნიჭებია საძელმწიფოს ეს უფლება, რომ სხვაზე უპირატესობისთვის გამოვიყენო.
ფეისბუკში ათასჯერ რაღაც დაუჯღაპნიათ, ვისაც არ მოსწონს ჩემი პოზიცია. არც კი უნდა გაიფიქრო, რომ იარაღი გაქვს. თუმცა, სისხლძარღვები ყოველთვის ვერ უძლებს წნევას.
ამიტომ, საფიქრალია გარკვეული შეზღუდვები. თუ პოლიციელი ან სხვა ძალოვანი მიდის სუფრაზე და აპირებს სპირტიანი სასმელის მიღებას, იარაღი უნდა დატოვოს სახლში, ან სამსახურში.
თუმცა, შესაძლოა, დალევა სულაც არ იყო მიზეზი, ან ნასვამიც არ იყო. არ ვიცი დეტალები.
დავუბრუნდები ამნისტიას. ინდივიდუალური საკითხები უნდა გადაწყვიტოთ ინდივიდუალურად. იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება ამნისტიაში ვერ უნდა მოხვდეს. ეს არაა მსუბუქი დანაშაული“, - წერს სალუქვაძე.