„ფასების ზრდა მომხმარებლებში ყოველთვის ნეგატიურად აღიქმება, თუმცა თუ ის ლეგიტიმურად, ხელისუფლების ან მარეგულირებელი ორგანოების მიერ ხორციელდება, ძალიან გავს ორგანიზმში იმ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობითაა გამოწვეული და მიზნად პაციენტის სიცოცხლის და ქმედუნარიანობის შენარჩუნებას ისახავს. ყურადღებით ვადევნებდი თვალს სემეკის სხდომას, მოტანილ არგუმენტებს და შეიძლება ითქვას, რომ შემოთავაზებული სამომხმარებლო ტარიფის ზრდა (მოსახლეობისათვის 3.5 თეთრით, ხოლო ბიზნესისათვის - 11-14 თეთრით ყოველ მოხმარებულ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე) ის მინიმალური მიჯნაა, რომელიც აუცილებელია ენერგოკომპანიების საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში ინვესტორთა დაინტერესების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისათვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ განაცხადა.
სემეკის გადაწყვეტილების კომენტირებისას, ექსპერტმა მთავრობის გადაწყვეტილება ტარიფების ნამატის სუბსიდირების შესახებ დადებითად შეაფასა.
„აღსანიშნავია, რომ გაზრდილ ტარიფებს 2021 წლის განმავლობაში ვერ იგრძნობენ ის აბონენტები, რომელთა დენის საშუალო თვიური მოხმარება 300 კილოვატამდე იქნება (ასეთები კი ოჯახების 9/10-ზე ბევრად მეტია). გაზრდილი ხარჯების სუბსიდირებას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. როგორც პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაიფარება.
წელზე გაანგარიშებით ეს თითოეულ ოჯახზე 50 ლარზე მეტია, რაც მათ დაეხმარებათ საკუთარი ძალისხმევა და შემოსავლები მიმართონ სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ამავე დროს, ქვეყანაში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო დაფარავს აღნიშნული სექტორისათვის ძველსა და ახალ ტარიფებს შორის სხვაობის ნახევარს“, - განაცხადა ექსპერტმა.