ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ შეფასებას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს:
"მწუხარებით გავეცანი TDI-ს (ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომელიც 2020 წლის 20 დეკემბრის ქადაგებაზეა აგებული. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ხსენებული ორგანიზაციის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქრისტიანები საუკუნეების მანძილზე დევნიდნენ ებრაულ თემს, მაგრამ არ მიუთითებენ არც ქვეყანას და არც საუკუნეს, სად და როდის ხდებოდა ეს. ასეთი ზოგადი განცხადება შეურაცხყოფაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსგავს ქმედებაში. TDI-მ, საკუთარი პრინციპიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ყველაფერი ნეგატიურ ტონებში „განმარტოს“ (თუ ეს ასე არ არის, მათგან ეკლესიაზე ერთი რომელიმე პოზიტიური „განმარტება“ დაასახელონ), ჩემი ქადაგება, სამწუხაროდ, ანტისემიტური მოწოდებების რანგში აიყვანა და ფართო საზოგადოებას წარუდგინა, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადი სულისკვეთება.ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანული მოძღვრების საწყისებში უფლის მიერ სწორედ ებრაელები (მოციქულები) იდგნენ, თუმცა TDI-ში საჭიროდ მიიჩნიეს ეს შეეხსენებინათ ჩემთვის. ქადაგება რამდენიმე ისტორიული ფაქტის გარდა შეეხო არა ებრაულ თემს, არამედ თანამედროვე საქართველოში მოქმედ TDI-ის ფორმატის ორგანიზაციებს. შეიძლება ითქვას, რომ ქადაგებიდან უკონტექსტოდ ამოღებული ფრაზების კომენტირებით სწორედ ეს ორგანიზაცია ცდილობს ეკლესიის ირგვლივ დაძაბულობის შექმნას, და ეს პირველი არ არის. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ქადაგებაში წარმოვაჩინე, როგორც კონფლიქტის მხარეთა შემრიგებელი, ხოლო დაპირისპირება, ამ შემთხვევაში რელიგიური ემოციების ფონზე მოხდა და არა ეთნიკური ფაქტორით, მით უმეტეს, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანთა შორის მრავალი ებრაელი იყო. ქადაგების პირველი ნაწილი, მთლიანობაში, ისტორიული თხრობაა. რწმენა, ისევე როგორც ურწმუნოება, არ ხასიათდება ეთნიკური ნიშნით. მით უფრო ქრისტიანობისათვის უცხოა მორწმუნე ერთობის, ნაციონალური ნიშნით დანაწევრება. ქართულ რეალობაში კი ებრაელ ხალხთან განსაკუთრებით თბილი და მეგობრული ურთიერთობა, ყველასთვის ცნობილია. ამაში ეკლესიის როლი უდავოდ დიდია და ამიტომაც სრულიად მიუღებელია ბრალდება, რომ ეკლესია თითქოს არ ემიჯნება ანტისემიტიზმს. ასევე დავამატებ, თუ ვინმემ ჩემს ქადაგებაში დაინახა ებრაელი ხალხის შეურაცხყოფის მცდელობა, მსგავსი არაფერი მიგულისხმია და, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით, მათ შორის ებრაელი ხალხისა, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელია. ქადაგების მეორე ნაწილში, რომელიც თანამედროვე ქართულ რეალობას ეხება, გარკვევითაა ნათქვამი, რომ კონფლიქტი „ეთნიკური საზღვრით არ განისაზღვრება“ (ეს ფრაზა უცნაურად გამორჩა TDI-ს) და ამის შემდეგაა ნათქვამი: „ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ“. სწორედ ეს მიიღეს საკუთარ თავზე და შეეცადნენ ჩემი ნათქვამი წარმოეჩინათ, თითქოს ეს ებრაელ ერთან დაკავშირებით ვთქვი.დაბოლოს, ზუსტად შეასრულეს მათ ჩემი ნათქვამი: „ხუთი სიტყვიდან, ორს ამოიღებენ, აზრი იკარგება და საპირისპირო ხდება“. სავარაუდოდ გამართლდება ამ ქადაგების სხვა სიტყვებიც და გვეტყვიან: „ამხელა კულტურის შემქმნელ ეკლესიას ,უფლება მაინც არა აქვს, რომ ხმა ამოიღოს და თქვას, რომ შეწყდეს ცილისწამება“, რადგან ეს არის, თანამედროვე სტანდარტი, ეს არის სიტყვის თავისუფლებაო.TDI-ს მცდელობა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომ შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, TDI მიიჩნევს, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, იოანე გამრეკელის ქადაგება ანტისემიტური და უკიდურესად შემაშფოთებელია.