„სისხლმოწყურებული, ძალაუფლებას მოწურებული, მანიაკების ხროვაა დღეს ჩვენი ოპოზიციის ძირითადი, წამყვანი ნაწილი, რომელიც გაშმაგებით იბრძვის, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს და მშვიდი განვითარების საშუალებას არ გვაძლევენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან ისაუბრა, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა და რა შეიცვალა ბოლო 8 წელიწადში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს.
მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა და პანდემიისა, მაინც ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. სუბარმა აღნიშნა, რომ მათ შეძლეს შექმნილიყო გარკვეული ჩარჩო განვითარებისთვის და ქვეყანა ამ ჩარჩოში ვითარდება.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნის გადარჩენა იყო. ვიღაცამ შესაძლოა თქვას, რომ ამ ქვეყანას სააკაშვილი კი არა გაცილებით დიდი მტრები ჰყოლია, მოუნელებია და გადარჩენილა. ისინიც მართლები იქნებიან, ვინც ამას იტყვის, თუმცა იყო საქართველო, რომდელსაც ჰქონდა ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, იყო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, უამრავი მიწა დავკარგეთ. წინა ხელისუფლების დროს რაც დაიკარგა: აუნაზღაურებელია ის ადამიანური ტრაგედიები, აუნაზღაურებელია ის წლები განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მაგრამ რომ ყოფილიყო ისევ ის ხელისუფლება, კაცმა არ იცის, ახლა სად ვიქნებოდით. მართლაც, შემოუბრუნებადი ყოფილიყო, თუნდაც ის დანაკარგი, ტერიტორიის 20%, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დავკარგეთ და ძალიან მტკივნეული თემაა ჩვენი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. აღარ ვსაუბრობ, რა შეიძლება მომხდარიყო და უარესი ტრაგედია თავს კიდევ დაგვტყდომოდა.
ასე, რომ ეს არის უდიდესი ნაბიჯი, რომ შეიქმნა პოლიტიკური სივრცე, სადაც ქვეყნის, საზოგადოების მშვიდი განვითარებაა შესაძლებელი. კი, გვყავს რადიკალური ოპოზიცია, ალბათ, მათზე ეს ძალიან რბილად ნათქვამი სიტყვაა. ძალაუფლებას, სისხლმოწყურებული, მანიაკების ხროვაა დღეს ჩვენი ოპოზიციის ძირითადი, წამყვანი ნაწილი, რომელიც გაშმაგებით იბრძვის, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ამ მშვიდი განვითარების საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა და პანდემიისა, მაინც ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. განვითარებისთვის რაღაც ჩარჩო შეიქმნა და იმ ჩარჩოში ვმოძრაობთ. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მათ რომ დასცლოდათ, თავიანთი 30 წლიანი მმართველობის გეგმა შეესრულებინათ?!“, - განაცხადა სუბარმა.