ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტა, თუ რატომ შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე.
მისი თქმით 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ზამთრის კურორტებზე ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან სტუმრად ნაკლებად იარონ.
„ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ზამთრის კურორტებზე რა ვითარებაა. ძალიან ცოტა ქვეყანაა ისეთი, სადაც ზამთრის კურორტები ოპერირებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
„ზამთრის კურორტებზე, როდესაც ვსრიალებთ მარტო, ინფექციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ როდესაც ზამთრის კურორტზე ერთდროულად სრულად ოპერირებს ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ბაკურიანში, მაგალითად, დაახლოებით 30 000 ადამიანი იკრიბება ერთდროულად მაშინ, როდესაც მუშაობს საბაგიროები, სრულად ფუნქციონირებს ზამთრის კურორტი და შესაბამისად, 30 000 ადამიანის ერთდროულად ერთ ლოკაციაში შეკრება რისკს შეიცავს და სწორედ ამ დროს ხდება ვირუსის გავრცელება.
შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს, თუნდაც საკუთარ ბინაში ჩასვლას. ძალიან ბევრი ადამიანი ბაკურიანში ფლობს თავისივე ბინას, ან კერძოდ, სტუმრად ჩადიან, ჩვენ ამას ვერ ავკრძალავთ. ამიტომ ჩვენ ვერ დავამატებთ ზამთრის კურორტზე იმ დამატებითი მობილობის წყაროს, როგორიც არის სასტუმროები. ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათის შემდეგ. იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს 21:00 საათის შემდეგ შეზღუდვას. ეს შეზღუდვა არ გვაძლევს საშუალებას, რომ თუნდაც ზედმეტად ერთმანეთთან სტუმრად ვიაროთ“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან. სრულად ნახეთ ამ ბმულზე.