„ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ, საქართველომ დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. 2020 წელს კი ამ ტრანსფორმაციის კულმინაცია მოხდა - საქართველო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი გახდა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ასამბლეისადმი მიმართვისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ შენობაში და მოგმართოთ.
მსურს, მადლობა გადავუხადო მონიტორინგის კომიტეტის წევრებს გაწეული ძალისხმევისთვის და პერსონალურად, ბატონ იენსენს, რომელიც მომხსენებელი იყო და საქართველოს საკითხზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ, საქართველომ დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა. 2020 წელს კი ამ ტრანსფორმაციის კულმინაცია მოხდა - საქართველო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი გახდა.
მჯერა, რომ პანდემიის ფონზე, ჩვენ დავტოვეთ კვალი და გავამდიდრეთ ევროპის საბჭოს დღის წესრიგი. ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხებს - ადამიანის უფლებებს და გარემოს დაცვას ჰქონდა ფართო მხარდაჭერა, მათ შორის, პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატებისგანაც.
გვესმის, რომ დემოკრატია არ არის სტატიკური, ის მეტი მონაწილეობისკენ, დაცულობისა და ჩართულობისკენ მუდმივი სწრაფვაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვაგრძელებთ ჩვენი ევროპული გზის დაგეგმვას“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა „მმართველი პარტიის ახალ დღის წესრიგზე, რომელსაც სახელად „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა“ ეწოდება და რომელიც არის სტრატეგიული ეტაპი საქართველოსთვის, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად“.
„როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ცხარე წინააღმდეგობები უძღოდა წინ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს საქართველოში, თუმცა, ჩვენ შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ინკლუზიურ და მრავალპარტიულ პარლამენტამდე მიგვიყვანდა.
მიუხედავად ხარვეზებისა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა დაასკვნეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ.
ურჩი და „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპით მოხელმძღვანელე რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ იმ მანდატებზე, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა მიაკუთვნა.
ამავე დროს, გვესმის, რომ არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ მეტი რეფორმა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, უმაღლეს დონეზე გამოვიძიოთ თითოეული ბრალდება.
საქართველო მოწოდებულია, დარჩეს წამყვან დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის და შემდგომშიც გაითვალისწინოს რეკომენდაციები, მათ შორის, თქვენი რეკომენდაციები. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება, რომ ამას გავაკეთებთ და ასე მოხდება კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, ცარიელი და უსაბუთო ბრალდებების მსხვერპლნი გავხდეთ.
„ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. ამ რეგიონებში მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებასთან ერთად, გრძელდება ადამიანთა ტანჯვაც. გლობალურმა პანდემიამ კიდევ გაამწვავა საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ, აქედან არც ისე შორს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველომ იზეიმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება მის თანამედროვე ისტორიაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაცია იურიდიულად არის პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდეგ. ჩვენ, ქართველებს, როგორც რიგით ევროპელებს, გვჯერა, რომ საერთაშორისო სამართლის მტკიცე პრინციპები გაიმარჯვებს და ადამიანის უფლებები დაცული იქნება“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა.