„საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) თანახმად, საქართველომ შეინარჩუნა შარშანდელი ქულა 56 ქულა 100 ქულიანი სისტემით, და რეიტინგში 180 ქვეყანას შორის იკავებს 45-ე ადგილს. 2012 წელთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულა ოთხი ქულითაა გაუმჯობესებული [52-დან 56]“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხზე კონკრეტული სატელევიზიო არხების მიერ მომზადებული „ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიებები“ თუ „კვლევები“ შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ.
„ცნობისათვის, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ნაკლებია მოსახლეობის აღქმა რომ ქვეყანაში კორუფციაა. თუ კორუფციის მაჩვენებელს რეგიონების მიხედვით შევხედავთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, ასევე ე.წ. „პოსტსაბჭოთა ქვეყნებში,“ საქართველო მოწინავე ადგილზეა, რაც დიაგრამაზეც ჩანს. მეტიც, ის კორუფციის აღქმის ქულებით უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ რიგ ქვეყნებს ჩეხეთს, იტალიას, მალტას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, უნგრეთსა და რუმინეთი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციურ ტელევიზიებზე გასული ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიებები“ თუ სიუჟეტები, ასევე სხვადასხვა „კვლევები“ რომლებიც ამტკიცებენ რომ ქვეყანა თითქოს კორუფციამ შეჭამა, რბილად რომ ვთქვათ, შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ.
რა თქმა უნდა, ცნობილი შემადგენლობა ეჭვის ქვეშ დააყენებს ამ მონაცემებსაც, ისევე როგორც ერთ დროს მათთვის სანდო და პატივსაცემი NDI-ს მონაცემები დააყენეს ეჭვის ქვეშ, მაგრამ მათთვის უსიამოვნო რეალობას ამით ხომ ვერ შეცვლიან!“, - წერს ანჯაფარიძე.