„მოლაპარაკებაში კონსულტანტების (და არა გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე პირის) უფლებით მონაწილე ხალხმა დაიწუნა 1938 წლის რუკა იმ მიზეზით, რომ იგი კარტოგრაფიულ ნორმების სრული დაცვით არაა შედგენილიო. მეტიც, არ წარადგინეს იგი მოლაპარაკებისას (დაარღვიეს წინასწარ დადგენილი დირექტიული ნორმა) და პრობლემა კიდევ უფრო გაართულეს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დავით გარეჯის საქმის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
„ფაქტი + მნივშნელობა = ინფორმაციას.
ცალკე აღებული ფაქტი, გამოხატული რაიმე ფორმაში (ციფრებში, ნახაზში, გამოსახულებაში და ა.შ.) არაა ინფორმაცია, სანამ ის არ მიიღებს მნიშვნელობას, სანამ არ შეფასდება. მაგალითად, ბუღალტერმა გამოიყვანა მოგება ზარალის მაჩვენებელი, ეს ციფრებში გამოხატული ფაქტია და რაიმე მნიშვნელობა მიანიჭოს, მას არ შეუძლა. ამისათვის არსებობს მენეჯერი, ის ამბობს, კარგია ეს თუ ცუდი, ასახავს იგი საწარმოს მიზანდასახულებებს თუ არა.
ასეა რუკაც, იგი არაა ტერიტორიას არამედ მის მოდელს წარმოადგენს. კარტოგრაფი ადგენს რუკას და არაა უფლებამოსილი გააკეთოს დასკვნები, თუ რამდენად შეესაბამება ეს მოდელი ასახული ტერიტორიის ისტორიულ დინმიზმს.
საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთის დადგენის და მისი რუკაზე დატანის საკითხი ხანგრძლივი მრავალმხრივი მოლაპარაკებების საკითხია. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ერთ-ერთი მოლაპარაკებისას საფუძვლად (ფაქტად, რომელსაც მნიშვნელობას მიანიჭებდნენ) გამოეყენებინათ 1938 წლის რუკა. მოლაპარაკებაში კონსულტანტების (და არა გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე პირის) უფლებით მონაწილე ხალხმა დაიწუნა ეს რუკა იმ მიზეზით, რომ იგი კარტოგრაფიულ ნორმების სრული დაცვით არაა შედგენილიო. მეტიც, არ წარადგინეს იგი მოლაპარაკებისას (დაარღვიეს წინასწარ დადგენილი დირექტიული ნორმა) და პრობლემა კიდევ უფრო გაართულეს. ასეთია რელობა.
არავითარი უფლება არა მაქვს მოყვანილ ფაქტს რაიმე მნიშვნელობა მივანიჭო, მაგრამ ერთი რამ ცხადია, კონსულტანტები გამოვიდნენ საკუთარი უფლებამოსილებიდან და შეეცადნენ გავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღებაზე.
პ.ს. ეს ფაქტი ცხადად მეტყველებს ამ სერიოზული მოლაპარაკების უფლებამოსილი სუბიექტების სრულ მოუმზადებლობაზე, მათი კომპეტენციის დაბალ დონეზე“, - წერს იაკობიძე.