„როდესაც პოლიტიკოსებს/პარტიებს პროდასავლურობაზე აქვთ პრეტენზია და ამავე დროს დასავლურ სამყაროში მათი ქმედებების ლოგიკა არ ესმით და ვერ იღებენ, ხომ უნდა გაეღვიძოთ საღი აზრი (თუკი დარჩათ!) და საკუთარ თავს ჰკითხონ - რატომ არ ესმით ჩემი და რატომ არ მიჭერენ მხარს ჩემს ქმედებებში, მაგალითად პარლამენტის ბიოკოტში?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„როდესაც მაგალითად, „ლელოს“ ახალგაზრდა ლიდერები ნეოკომკავშირული შემართებით აცხადებენ, პარლამენტში იმიტომ არ შევდივართ, რომ ჩვენი 4 მანდატით ვერაფერს შევცვლითო, იმას ვერ ხვდებიან, რომ ვალდებული არიან შევიდნენ პარლამენტში მანდატების სწორედ იმ რაოდენობით, რაც ამომრჩეველმა გაიმეტა მათთვის, მათი უგერგილო საარჩევნო კამპანიის შედეგად. თავად არჩევნები კი ლეგიტიმურად არის აღიარებული.
ეს ხალხი იმასაც ვერ ხვდება, რომ პარლამენტში შესვლა იმიტომაც სჭირდებათ, რომ გაძლიერდნენ როგორც პარტია, რათა მომდევნო არჩევნებზე უფრო მეტი მანდატი აიღონ. როდესაც ასეთ ელემენტარულ რამეებს ვერ ხვდები, რა გესაქმება პოლიტიკაში?!“, - წერს ანჯაფარიძე.