ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ნაცური თამაშები
პოლიტიკური პროცესი, რომელიც 2 წლის წინ, 20 დეკემბერს დაიწყო, ახალ ეტაპზე გადადის. ყველა ის აქტიორია მოყვანილი მოქმედებაში, რომლებიც ე.წ გავრილოვის ღამეს საპარლამენტო შტურმის მცდელობაში იყო შემჩნეული.
მართალია, ეს პირველი მცდელობა სახელისუფლებო რევანშისა ჩაიფუშა, მაგრამ ამ პოლიტიკური პასეანსის მეორე პარტია 31 ოქტომბრის არჩევნებზე გათამაშდა, როდესაც წინასწარ დაზეიმებული გამარჯვების ლაიტმოტივი გაგრძელდა არჩევნების ბოიკოტირებით, ვითომდა გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბების და ხელისუფლების მიტაცების გამო.
მთელი ამ პროცესის მთავარი პოლისმეიკერი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, თავისი ფინანსებით, რეგიონალური ოფისებით თუ გავლენებით, მათ შორის „ქართულ ოცნებაში“ ჩატოვებული მერყევი თუ ლოიალური ბიუროკრატიის ნაწილით.
ბოიკოტირების პარტიის ამოსავალი წერტილი იყო ყველა იმ პარტიის ჩათრევა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და შეიძლება დიდი ცდუნება ჰქონოდათ პარლამენტში შესასავლელად. უნდა ვაღიაროთ ეს პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციას მოუგო, როდესაც ისეთ ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა პრაქტიკულად საკუთარი რეიტინგის განულების ტოლფასად უქცია!
ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ეს წამგებიანი გზა აირჩიეს თავიანთი სიბეცის, ამბიციურობის, გამოუცდელობის თუ ნაციონალებთან სხვა საერთო ინტერესების გამოც. და იმ მდგომარეობამდეც კი მივიდნენ, რომ მიშას სპიკერ გვარამიას ვერ აუხტენ, საცივში რომ თავი ჩააყოფინა, სხვა რაზე უნდა იყოს საუბარი!
მესამე პარტია კი ახლა ჩვენს თვალწინ თამაშდება, როდესაც არის მცდელობა ოცნება დატოვონ ფაქტიურად ერთპარტიული პარლამენტის პირობებში, პრინციპულად ბევრს არაფერს ცვლის ელისაშვილის თუ ყოფილი პატრიოტების პარლამენტში შესვლა.
ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში მარტო დატოვებაც ამას ემსახურება. შემდგომში გაზაფხულზე დაანონსებული გამოსვლებით და პოლიტიკური ტემპერატურის აწევით ვადამდელის მოთხოვნის პროცესამდე მიყვანით.
არც ის არის შემთხვევითი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახეშეცვლილი სახით, რომ დაიწყო პოლიტიკურ ველზე პოზიციონირება, სპეციალურად იქნა შერჩეული ის ხალხიც, ვისაც ნაციონალების მძიმე 9-წლიან წარსულთან შეხება ნაკლებად ჰქონდა.
რასაც ნაცები ახლა იწყებენ გათვლილია პოლიტიკური პროცესის ვადამდელი არჩევნებისკენ წაყვანაზე. დღევანდელი პარლამენტის ალტერნატივა კი იქნება საკუთარ ტელესივრცეში ტელედებატები და ქუჩის პერმანენტული პროტესტი, თუნდაც ათას კაციანი, პლიუს საერთაშორისო აქტიურობა ვადამდელის მოთხოვნით. ეს გეგმა მელიას თავში რომ არ მოხარშულა ესეც ცხადი უნდა იყოს, ეს გეგმა არის ოცნების მაქსიმალურ პრესინგზე, და შეცდომების დაშვებაზე გათვლილი, და რაც მთავარია დროის მოგებაზე, ამ ახალ სახეებსაც უმოკლეს დროში იმიტომაც უპირებენ გაპიარებას მაქსიმალურად.
ნაციონალური რევანშის საბოლოო ამოცანაა ოცნების პოლიტიკური დემორალიზაცია და გახლეჩა, რასაც ავტომატურად რიგგარეშე ან ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მივიდეს და ფაქტიურად ხელისუფლების გადაბარების მცდელობამდე მივყავართ. შემთხვევითი არც ტერმინ "რევოლუციის" სხვადასხვა დეფინიციების შემოგდებაა ტელესივრცეში, "გაბრაზებულ ხალხს", რომ აჯანყების უფლება აქვს იმ ნარატივით.
დღეს პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა და პროცესების რადიკალიზაცია არც საქართველოს და არც საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებში არ შედის, ამაზე მიანიშნებს თუნდაც ევროპარლამენტის მონიტორინგის ჯგუფის საბოლოო დასკვნა არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებაზე და მოწოდება ოპოზიციისადმი პარლამენტში შესვლის უალტერნატივობაზე.
რაც ხდება პირველ რიგში რუსეთის ინტერესშია, რომ ქვეყანა ჩამოაშოროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციულ პროცესებს და ამას ისევ აპრობირებული გზით, ნაციონალების ხელით აკეთებს.
ქართულ ოცნებას მოუწევს როგორც საერთაშორისო პარტნიორების აზრის გათვალისწინება, ასევე გაცილებით მეტი კომუნიკაცია საერთაშორისო ინსტიტუტებთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ისევე როგორც მთლიანობაში ჩვენს საზოგადოებასთან.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეს, და თავიდან იქნას აცილებული დესტაბილიზაციის და არეულობების პროვოცირების ნებისმიერი მცდელობა, რაც არის რუსული პარტიის მთავარი ამოცანა დღეს.
ბატონი ჰარცელის ცინცხალი დიპლომატიური განცხადებაც - ყველა მხარემ, თავი შეიკავოს ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება, ამაზე მიანიშნებს.