„საქართველო ევროპასა და ამერიკაში იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც კოვიდ-გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ამბულატორიული კვლევის უფასო პროგრამას შესთავაზებს“, - ამის შესახებინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ჩვენი კვლევა იქნება პირველი მსგავსი კვლევა. დაახლოებით 400-500 კაცს ვიკვლევთ და მათში ყველა გართულებას შევისწავლით, არა მარტო ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში, არამედ ბინაზე ვინც მკურნალობდა. კვლევა ჩატარდება ინფექციური კლინიკის ბაზაზე, თუმცა მასში ყველა მიმართულების ექიმები იქნებიან ჩართულები, მათ შორის - მოწვეულებიც.
კვლევა შერჩევით ჩატარდება. კომპიუტერულად შევარჩევთ შემთხვევითობის პრინციპით. ამ კვლევის შედეგად ძალიან დიდი სიზუსტით დაიდება შედეგები, თუ რამდენ პროცენტს უნვითარდება გართულება. საინტერესოა, ჩვენთან რა შედეგი გვექნება. გარდა ამისა, დადგინდება რომელი გართულება, რა სიხშირით უნვითარდებათ, ეს არის არსებულის გამწვავება, თუ ვირუსით გამოწვეული. ეს არის აქტუალობით მესამე საკითხი.
კოვიდი დამთავრდება. ვაქცინაციით დავამარცხებთ და შემდეგ შეიძლება ასობით ათასი კოვიდ გადატანილი პაციენტი დარჩეს და ეს იყოს სერიოზული პრობლემა. ახლა ჩვენი სამინისტრო ამუშავებს პროგრამას, რომლის თანახმად გარდა კვლევისა იქნება სპეციალური ამბულატორიული პროგრამა, როგორიც არის შიდსზე და ტუბერკულიოზზე და ყველა კოვიდგადატანილ ავადმყოფს საშუალება ექნება, მიმართოს არამარტო ჩვენს კლინიკას და უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები. ეს იქნება პირველი პრეცენდენტი ევროპასა და ამერიკაში. კოვოდგადატანილებისთვის მსგავსი პროგრამა არავის აქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.