„ოპოზიციის ნაწილი გაშმაგებით იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ შემდეგ მათ ჰქონოდათ სათქმელი „ჩვენ კი გვინდოდა მოლაპარაკების გაგრძელება, გვინდოდა დემოკრატიული პროცესი მათ შორის პარლამენტშიც გაგრძელებულიყო, მაგრამ მათ ეს პარლამენტის კარები ასე მოგვიჯახუნეს“, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მათი დესტრუქციული პოლიტიკის ერთგვარი სტიმულის მიმცემი და ახალი დესტრუქციის წყარო წამოვიდოდა მათგან, სწორედ აქედან გამომდინარე არ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. პარლამენტის კარები რომ ჩვენ ახლა, პირველსავე ჯერზე დაგვეხურა, ეს არ გამოიწვევდა ავტომატურად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ველიდან გაქრობას. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს განვუმარტავთ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების შეგვეშინდა, არამედ ზუსტად განვსაზღვრეთ ის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობდათ საბოტაჟის მომწყობებს, შევაჯერეთ ჩვენი პოზიცია ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე თუ მეგობარ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.