„ევროპული პარლამენტარიზმის პრაქტიკაში ყველა მიესალმება საპარლამენტო ენით საუბარს, საპარლამენტო ფორმატის გამოყენებას და არა ქუჩასა და ბოიკოტს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„დასავლელი პარტნიორებიც დაიღალნენ ერთი და იმავეს განმეორებით და განცხადებების გაკეთებით. ეს არ არის მხოლოდ დიპლომატების მოწოდება, ჩვენ გვესმის ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან, ევროპარლამენტარებისგან მოწოდება, ქუჩის აქციებიდან გადაინაცვლონ საპარლამენტო დარბაზში, სადაც ზუსტადაც არის ადგილი ყველა ის საკითხი თუ პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, არამხოლოდ დააყენონ ეს საკითხი, არამედ იმსჯელონ, იდებატონ და იქ შეეცადონ თავიანთი სიმართლის დადგენას. ეს არის არჩევანი იმ ამომრჩევლის, რომელმაც მათ მისცა ხმა. NDI-ს კვლევებში კარგად ჩანს სურათი, რომ მათივე ამომრჩევლის 75% მხარს უჭერს, რომ თავიანთი არჩეული დეპუტატები პარლამენტში აგრძელებდნენ მუშაობას. მოწოდებები, მე დარწმუნებული ვარ, არ შეწყდება, თუ ბოიკოტი არ შეწყდება, რადგან ევროპული პარლამენტარიზმის პრაქტიკაში ყველა მიესალმება საპარლამენტო ენით საუბარს, საპარლამენტო ფორმატის გამოყენებას და არა ქუჩასა და ბოიკოტს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებას.