„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ „ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარტიის ყრილობის დიდგორის ველზე ჩატარების შესახებ.
„ბუნებრივია, ყველას შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, ყრილობის ჩატარების ფორმებთან დაკავშირებით. თუმცა ამ საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს. მითუმეტეს, არანაირი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ მიგვიღია. მე წარმოუდგენლად მეჩვენება დიდგორზე ყრილობის ჩატარება. დღეს ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული ამოცანები. ეს არის ძალიან კონკრეტული, საქმიანი გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისული ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით. ეს არის ეკონომიკური გეგმა, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ კარდაკარ ვიაროთ და საზოგადოებას გავაცნოთ გამოსავალი. ამიტომ დღეს დიდგორის თუ მსგავსი ტიპის ყრილობა აბსოლუტურად არ შედის ჩვენს ამოცანებში... ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ არის ნამდვილად განსხვავებული (სააკაშვილისგან) და არ მიმაჩნია, რომ დღეს ეს არის საარჩევნო კამპანიის სწორი ფორმა", განაცხადა ელენე ხოშტარიამ.