„ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში, ალბათ უკეთესად ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დახმარებები სწორედ იქეთკენ იყო მიმართული, სადაც სიღარიბის გენერატორია“, - ეს განცხადება ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ანტიპანდემიური შეზღუდვების გამო, ჩვენი გათვლებით, უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 30% უნდა ყოფილიყო. სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 12,3%. მახსოვს, ამის გამო აჟიოტაჟი ატყდა. რატომ 12,3%! მაგრამ საქმე აქაც დეტალებშია. საჭიროა ცოტა უფრო სიღრმისეული ანალიზი. სტატისტიკის დეპარტამენტმა ზუსტად გამოაქვეყნა ის, რაც უნდა გამოექვეყნებინა. შრომის საერთაშორისო კრიტერიუმებით, მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 12,3% იყო, მაგრამ თუ ჩავალთ დეტალებში, სადაც ეკონომიკური სტატუსის შესახებ კითხვებია, ასეთი საინტერეო მეტამორფოზას დავინახავთ. 2019 წლის მეორე კვარტალში ისეთი დასაქმებულები, რომელთაც ჰქონდათ სამუშო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო დროებით ვერ ასრულებდნენ, არის ასეთი კატეგორია, გამოკვლევის შეფასებით 50 ათასი იყო. 2020 წლის მეორე კვარტალში იგივე რაოდენობა 322 ათასსამდე გაიზარდა. ანუ, დამატებით 272 ათასი დროებით უმუშევარი სხვა არაფერი მიზეზის გამო არ შეიძლება გამხდარიყო, თუ არა ანტიპანდემიური შეზღუდვების გამო. ეს ხალხი დროებითი უმუშევრის, ანუ მოლოდინის რჟიმში რომ გადავიდა და არა პირდაპირ უმუშევრების რანგში, ეს სწორედ იმ სამთავრობო განცხადებებით გამოწვეული მოლოდინის შედეგია. კერძოდ, გვახსოვს, 750 ლარამდე ანაზღაურების მქონე დასაქმებულებზე დაფინანსების გამოყოფა, ბიზნესებზე საშემოსავლო შეღავათები და ასე შემდეგ“, - განაცხადა კაპანაძემ.