„ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება ძალიან მკაფიო და მკაცრი რუსეთთან მიმართებაში, რადგან მათთვის საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებისადმი ერთგულება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მნიშვნელოვანია საუბარი ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა, აუცილებელია ამერიკის ჩართულობა, აუცილებელია ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია ამ მიმართულებით.
მოგეხსენებათ, რომ რეგიონის სხვა აქტორები ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ ჩვენი სურვილია, როგორც აშშ-ის რეგიონში ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორის, რომ მეტი ჩართულობა ვიხილოთ აშშ-ის მხრიდან, მეტი აქტიურობა ამ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ გვჭირდება მოკავშირე, გვჭირდება შავი ზღვის კომპონენტის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენება მნიშვნელოვნად გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და სწორედ ამ თემებზე მსურს მასთან საუბარი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.