პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, აქცია, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება, ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესია და ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, აქციები გამართონ.
თუმცა, სუბარის შეფასებით, ცუდია, როცა ოპოზიცია მხოლოდ აქციებზე აკეთებს აქცენტს და საკუთარ ამომრჩეველს პატივს არ სცემს.
„მათ ამომრჩეველმა ხმა მისცათ და საქართველოს პარლამენტში კეთილი ნებით შევუნარჩუნეთ ადგილები. შეუძლიათ, შემოვიდნენ და მოვუწოდებთ, შემოვიდნენ. პოლიტიკური ბრძოლის ადგილი არის პარლამენტში, ქუჩაც არის პოლიტიკური ბრძოლის ადგილი, როცა კანონიერ ჩარჩოში რჩება. მათი პრეროგატივაა, რას აირჩევენ. რაც შეეხება იმას, რამდენ ადამიანს ველოდებით აქციაზე, დავინახეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება, გამოვიდეს. გვახსოვს, საზოგადოების აღშფოთება იყო ლეგიტიმური, ერთი საათის განმავლობაში ყოველგვარი პარტიული მოწოდების გარეშე, 10-15 ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. დღეს ვნახეთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მოგროვდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ამომრჩევლებშიც კი არის განცდა, რომ რაც შსს-მ გააკეთა, იყო კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენა, ზედმეტი ძალა არ იყო გამოყენებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.