„დღეს აღსრულდა კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რომელზეც შესაძლებელია, ასეთი ვნებათაღელვა იყოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
მისი შეფასებით, დღევანდელი ოპერაცია ძალიან მაღალი სიზუსტით, ევროპული და ამერიკული სტანდარტით ჩატარდა.
„ოპერაცია ძალიან მაღალი სიზუსტით ჩატარდა. ფაქტობრივად, არავინ დაზიანებულა და ეს ოპერაცია მართლაც შეიძლება, ჩაიწეროს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესოდ შესრულებული საპოლიციო ოპერაცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ დესტრუქცია პიკში მიიყვანა, რომლის იქით ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს.
„არავის ხელი არ წაუცდებოდა, მაგრამ სპეცრაზმი რომ ისე მოქცეულიყო, როგორც ნიკანორ მელიას პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცეოდა, ისე რომ დაერბია, როგორც 26 მაისს მიწაზე დაყარა ხელგაკავებული ადამიანები და იქაურობა სისხლის მდინარეებით მორწყო, ამ ხალხს, რომელიც იმწუთას მასთან ერთად იყო, ფაქტობრივად, ხომ მსხვერპლად სწირავდა მელია, მაგრამ მან ძალიან კარგად იცოდა, რა ძალასთან ჰქონდა საქმე და ეს დესტრუქცია პიკში მიიყვანა, იმ წერტილში, რომლის იქით ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.