ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარლამენტის წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნოდ „ეროვნული ფორუმის" გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მიროტაძის განცხადებით, ის ჭიათურის მაჟორიტარულ ოლქში აპირებს კენჭისყრას, ხოლო „ეროვნული ფორუმის" საარჩევნო პროგრამა და სია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ვაპირებ ჭიათურის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას და გამარჯვებას. ვიბრძოლებ ბოლომდე. ყველას ვუთხარი, რომ ჯანსაღ კონკურენციაში მზად ვარ, მივიღო გამარჯვებაც და დამარცხებაც.
„ეროვნული ფორუმი" უახლოეს დღეებში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. ასევე მალე მაჟორიტარი კანდიდატების სიას წარმოვადგენთ. მაჟორიტარი კანდიდატი ყველა საარჩევნო ოლქში გვეყოლება",- განაცხადა მიროტაძემ.