ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვარშავის სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ძაბირაძემ ვარშავის სამიტს NATO-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეპოქის დაწყება უწოდა.
„ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ვარშავის სამიტი ყველაზე დიდი მოვლენაა. ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც ითქვა, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, ასეთი მნიშვნელობის საქართველოს არ ჰქონია. ადრე შეხვედრები იყო, ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ვარშავის სამიტი შეიძლება ითქვას, რომ არის NATO-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეპოქა.
სამიტზე პირველად ჩატარდა NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივი სხდომა, სადაც მიღებული იქნა დეკლარაცია. იწყება ინტენსიური თანამშრომლობა როგორც სამხედრო, ისევე პოლიტიკური.
ეს არის პროცესი საქართველოს თანდათანი ინტეგრაციის NATO-ს სტრუქტურებში და მის საქმიანობაში. ერთ დღეში და ერთ წუთში ვერ გავხდებით მისი წევრი, ეს მოხდება ეტაპობრივად",- განაცხადა ძაბირაძემ.