ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „რეპორტიორითან" საუბრისას სამთავრობო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურას მიესალმება, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ზურაბ ხონელიძეს მოიაზრებს.
„თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრესაში რამდენი კანდიდატურა სახელდებოდა, მათ შორის ირაკლი სესიაშვილი. თავდაცვის მინისტრად სესიაშვილის წარდგენა ცუდი არ იქნება.
შერიგების მინისტრად კი ზურაბ ხონელიძის კანდიდატურას მივესალმები. ხონელიძე ერთ-ერთი გამორჩეული დიპლომატია, საინტერესო პიროვნებაა და საინტერესო ხედვები აქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
გიგლა აგულაშვილის დარჩენას ჩვენს გუნდში მივესალმები. არ ვიცი, საარჩევნო სიაში იქნება თუ არა, მაგრამ მინისტრად დარჩება. კონკრეტულად ხვალ გავიგებთ, ვინ სად და რომელ სიაში იქნება",- განაცხადა ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „რესპუბლიკელმა" მინისტრებმა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პოსტების დატოვების შესახებ განაცხადეს.
გიგლა აგულაშვილმა კი რესპუბლიკური პარტია დატოვა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად რჩება.