საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაატა ზაქარეიშვილის და თინა ხიდაშელის შემცვლელებს ამ დროისთვის არ ასახელებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, „ყველაფერს თავისი დრო აქვს".
„გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარტია გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, იყო გარკვეული კონსულტაციები და ცივილიზებულად მივიღეთ გადაწყვეტილება. თავდაცვის მინისტრს აქვს ვიზიტი აშშ-ში, რომელიც ჩასატარებელია. დღეს არ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ველოდებით ვიზიტის დასრულებას. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, ამ დღეებში დასრულდება აბსოლუტურად ცივილიზებულად ყველა პროცედურა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერი მოხარულია, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ გვქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე. კონკრეტულად მისი სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გიგლა არის ძალიან კარგი მინისტრი და ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთ გუნდში მუშაობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.