ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების საბჭომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც ამჟამად ლიეტუვაში, გადასახლებაში ცხოვრობს და ასევე, სხვა 15 პირი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
ბელარუსის KGB-ის ტერორისტთა სიაში ასევე მოხვდნენ ყოფილი დიპლომატი და კულტურის მინისტრი პაველ ლატუშკა, რომელიც ახლა პოლონეთში ცხოვრობს და პოპულარული ბლოგერი ანტონ მოტოლკო.
ციხანოვსკაიას მრჩეველი, ფრანკ ვიაჩოკრა წერს, რომ ციხანოვსკაიას ბრალს სდებენ ტერორისტული აქტის მომზადებაში, რაც სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება.
1994 წლიდან ხელისუფლებაში მყოფ ალექსანდრ ლუკაშენკო გასულ წელს უპრეცედენტო მასობრივი არეულობების წინაშე აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც აგვისტოს თვეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა ბრიტანეთმა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შენარჩუნების მცდელობების გამო, ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
სვეტლანა ციხანოვსკაიას, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო უცხოეთში გადასახლება მოუწია, როგორც ევროპის ქვეყნები, ასევე აშშ-იც უჭერს მხარს.