უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, არაერთ უკრაინელ ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა თავისი განკარგულებით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა.
სანქციების ჩამონათვალში შედის 27 ადამიანი, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ტაბაჩნიკი, ყირიმის ყოფილი პროკურორი ნატალია პოკლონსკაია და უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიქტორ პშონკა. მათ გარდა, აღნიშნულ ჩამონათვალში შედიან „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თვითგამოცხადებული თავმჯდომარე" სერგეი აქსენოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი და თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" ხელმძღვანელი ლეონიდ პასჩენიკი. ამას გარდა, უკრაინამ სანქციები დაუწესა სამ კომპანიას - რუსულ ISS-Sof-ს, ასევე ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ Endless Moonlight Limited-სა და Trading Field Limited-ს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.