„ის ერთადერთი საერთო ღირებულება, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას და რევიზიას და რომელიც ქართულ სინამდვილეში უნდა აერთიანებდეს ყველას _ ცენტრისტსაც და მემარცხენესაც, რადიკალსაც და მემარჯვენესაც, კონსერვატორსაც და სოციალისტსაც, არის მართლმადიდებლობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.
„საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, თავის ხელისუფლებიან-ოპოზიციიანად, მართლაც რომ მოქმედებდეს ჭეშმარიტად ქრისტიანული ღირებულებებით, მაშინ ბევრი პრობლემატური საკითხი, რომლებზეც მწვავე დისკუსიები და დებატები იმართება ხოლმე, თავისთავად მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხებზე მართლმადიდებლობას გააჩნია ზუსტად ჩამოყალიბებული ფორმულირებები, რომლებიც, წესით და რიგით, საერთო უნდა იყოს მართლმადიდებელი ხელისუფლებისათვის და მართლმადიდებელი ოპოზიცონერებისთვისაც.
ის ერთადერთი საერთო ღირებულება, რომელიც არ ექვემდებარება კორექტირებას და რევიზიას და რომელიც ქართულ სინამდვილეში უნდა აერთიანებდეს ყველას _ ცენტრისტსაც და მემარცხენესაც, რადიკალსაც და მემარჯვენესაც, კონსერვატორსაც და სოციალისტსაც, არის მართლმადიდებლობა.
ქართული რეალობისთვის სხვა საერთო და გამაერთიანებელი ძალა, გარდა მართლმადიდებლობისა, გარდა ეკლესიისა, არ არსებობს.
ეკლესიაა ცენტრი, ეკლესიაა ორიენტირთა მთავარი განმსაზღვრელი, ხელისუფალთა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრების საერთო წესის დამდგენი.
ასე იყო დასაბამიდან, ასე უნდა იყოს დღესაც: ქართული სახელმწიფო ქართული ეკლესიის გარშემო უნდა შენდებოდეს“, - წერს ხარჩილავა.