logo_geo
eng_logo
ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის
- +

18 მაისი. 2021. 16:51

 

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

 

ტარიელ  ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი იყო.

 

როგორც პარტიაში აცხადებენ, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში პარტიის სახელით წარმოდგენილი არ იქნება, რადგან მან „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

 

„პარტიის პოზიციაა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ამიტომ, პოლიტიკურად „ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი. ტარიელ ნაკაიძეს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა. თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ აღდგებოდა სიები, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ რადგან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში.

 

ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და უფრო მეტიც, თუ იქნებოდა სრულფასოვანად ამოქმედებული ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს სიაში, მაგრამ ამის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით პოზიციას არალეგიტიმურ პარლამენტთან დაკავშირებით. სხვებისგან განსხვავებით, ამ ადამიანმა დაიცვა ყველა ის დემოკრატიული პროცედურა, რაც განსხვავებული აზრის დროს უნდა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ სხვებმა და მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიცვეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner