logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებ, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან
- +

21 მაისი. 2021. 18:10

 

 

რუსეთის უკანონო ქმედებები უმძიმეს შედეგებს იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ონლაინფორმატის რეჟიმში გამართულ ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალზე განაცხადა.

 

„ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის მიერ, ადამიანის ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის მკვლელობების, უკანონო დაკავებების, საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებს. ასევე, ჩვენ ე.წ. გამშვები პუნქტების უპრეცედენტოდ ხანგრძლივი დროით დაკეტვისა და გადაადგილების შეზღუდვის მოწმენი ვართ. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ოთხი ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მისასვლელად მდინარე ენგურის გადაკვეთას ცდილობდა, დაიხრჩო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისთვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივების ფაქტს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი და ხმამაღალი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისათვის.

 

„ნება მომეცით, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზაზა გახელაძის საქმეზე, რომლის უკანონო დაკავება ცხინვალში 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლების მისაღწევად. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს ორივე რეგიონში, ასევე გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმები და პრინციპები. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთზე ზეწოლის შედეგადაა შესაძლებელი, დასრულდეს ოკუპაცია და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner