logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან
- +

16 ივლისი. 2016. 05:24


იმედს ვიტოვებთ, რომ თურქეთში სიტუაცია მალე დასტაბილურდება და იქნება მშვიდობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.


ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რომლებიც განვითარდა თურქეთში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. ვადევნებთ თვალს და ვაკონტროლებთ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად მოქმედებს ცხელი ხაზი ანკარაში ჩვენს საელჩოში, ასევე ჩვენი გენერალური საკონსულო სტამბოლში მუშაობს მუდმივ რეჟიმში და კონტაქტზე არის საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან. ჩვენ მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ჩვენს საელჩოს, ასევე გენერალურ საკონსულოს იმ ცხელ ხაზზე, რომელიც უკვე გავრცელებულია ჩვენი განცხადების მეშვეობით. რაც მთავარია, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და იქნება მშვიდობა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მისივე განმარტებით, უშუალოდ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საელჩოს არ მიუღია არანაირი ინფორმაცია, რომელიც საფრთხის შემცველია.


მოქალაქეები უკავშირდებიან საელჩოს, უკავშირდებიან ასევე გენერალურ საკონსულოს, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია, რომელიც საფრთხის შემცველია ან უკავშირდება რაიმე პრობლემას ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ცხელი ხაზი მუშაობს, არსებობს მუდმივი კონტაქტი ჩვენს მოქალაქეებთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველგვარი პრობლემა თავიდან იქნება აცილებული ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე რაც შეიძლება მალე თურქეთში სიტუაცია დასტაბილურდება. გარკვეული პანიკა იყო, აეროპორტებში მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ფრენების გადადების გამო... რა თქმა უნდა, სიტუაცია არის შემაშფოთებელი, ამისთვის არის მიზანშეწონილი, რომ ჩვენმა ყველა მოქალაქემ, რომელიც დღეს თურქეთში იმყოფება, თავი შეიკავოს ზედმეტი გადაადგილებისგან და მაქსიმალურად იყოს კონტაქტზე ჩვენს საელჩოსთან, ასევე გენერალურ საკონსულოსთან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს ცხელ ხაზს. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner