„იმედი მაქვს, დღეს შევჯერდებით, თუ რა დოზით, რა სახით, რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ელექტრონული ტექნოლოგიები ამ არჩევნებში“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა, ცესკოში, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე განიხილეს.
„საარჩევნო დღესთან დაკავშირებით ვსაუბრობთ რამდენიმე პროცედურაზე, ეს არის ხმის დათვლის, ხმის მიცმის, ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები. არსებობს სხვადასხვა გადაწყვეტები, მაგალითად, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდასთან, რომელიც დააფიქსირებს ბიულეტენებს და მათ შორის, მათზე დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნებას. სხვადასხვა იდეები გვაქვს და ამას შევაჯერებთ.
არის რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ვმსჯელობთ და ახლოს ვართ იმასთან, რომ ჩამოვყალიბდეთ, რომელი იქნება მისაღები ამ არჩევნებზე. ვფიქრობ, დღეს ძირითადად შევთანხმდებით ამ საკითხებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, ცესკო-ში გამართულ შეხვედრას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციაც ესწრება.