საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე გადაკეტილ იქნა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზები. აღნიშნულის გამო, 16 ივლისის ღამეს, ბულგარეთიდან, თურქეთის გავლით, საქართველოში მომავალ ავტობუსს, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ანსამბლის ხელმძღვანელობა, ქ. სტამბოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით მოუწია გაჩერება. თურქეთში ვითარების დასტაბილურების შემდეგ მოხდა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზების გახსნა, რის შესახებაც ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აცნობა ავტობუსში მყოფებს. ამჟამად ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით.
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა გაუწიოს მას ყოველგვარი დახმარება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.