ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ძალიან არასასიამოვნოა, როცა მეზობელ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე თურქეთში მიმდინარე მოვლენებს „რეპორტიორთან" საუბარში. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყანა და საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, მიმდინარე მოვლენები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოზე.
„რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, როცა მეზობელ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა. სიტუაცია კინაღან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ ვიცით. მინდა გითხრათ, რომ თურქეთი, გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ და მასზე გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მეზობელი ქვეყნის მოვლენები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოზე. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოვახდენთ დივერსიფიცირებას მომწოდებელი ქვეყნების და სხვა ქვეყნებიდან შევავსებთ იმ პროდუქტს, რაც საჭირო იქნება ქართული ბაზრისთვის", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.