პარლამენტის ვიცე სპიკერი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ საკითხზე რეაგირება დაგვიანდა და ეს გაცილებით, ადრე უნდა მომხდარიყო.
როგორც TV პირველის ეთერში სერგეენკომ აღნიშნა, ბავშვთა უფლებების წესი ყველამ უნდა დაიცვას, იქნება ეს სასულიერო თუ საერო პირი.
„რთულია, როცა ბავშვთა უფლებებზე ვლაპარაკობთ, არ აღმოჩნდე თავის მართლების რეჟიმში. დიახ, რა თქმა უნდა, თავის მართლების რეჟიმში ვართ, სხვას ვერაფერს დაარქმევთ ამას. ვერ ვიტყვი იმას, რომ „იცით რაა? პარლამენტი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც ოპერატიულ რეაგირებებს უნდა ახდენდნენ“. აქ იწერება კანონები. ვერ ვიტყვი ამას. რა თქმა უნდა, დაგვიანდა ეს ყველაფერი და უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა დღეს. იმედია, მომავალში არ განმეორდება, რადგან წესი ბავშვთა უფლებების უნდა დაიცვას ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია თუ საერო.
ვინ არის დამნაშავე? ეს უნდა გაირკვეს. ასეთი ტიპის დაწესებულებებში დრონით და კამერებით, ან პოლიციური ძალებით გამოძიების ჩატარება არ ხდება. ამისათვის სპეციალურად განათლება და გამოცდილება მიღებული ადამიანები მიდიან, ბავშვებთან გასაუბრებით, ისე, რომ ისინი არ დასტრესონ, იგებენ რეალურ ვითარებას, რაც ამ პერიოდში მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც ისინი სურათს დადებენ, გაირკვევა ყველაფერი. თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, გამოიძიებენ, თუ არ გამოიკვეთება და გამოსწორებადია, შესაბამისი გზით წავალთ. ახლა მრისხანე კითხვაზე პასუხი არ მაქვს“, - აცხადებს დავით სერგეენკო.