„როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ოპონენტების მოლოდინები, რომელიც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მხარდაჭერილი იყოს, იმაზე, რაც კონსტიტუციით გვევალება, უარის თქმის უფლება არ გვაქვს“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, სასამართლო ინსტანციებში მოსამართლეების განწესების პროცესის შეჩერებას.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მუდმივად აცხადებენ, რომ სისტემა კონკრეტული ადამიანებისგან უნდა გაიწმინდოს, თუმცა ეს თავისთავად ძალიან სახიფათო მოწოდების შემცველია და არ შეიძლება ინდიკატორად „ცალკეული ოდიოზური პიროვნებები გვყავდეს“.
„ამ საკითხზე პოლიტიკა ხელს არ უწყობს სწორ და ჯანსაღ დისკუსიას. ამ სფეროს განსაკუთრებით სჭირდება სიფაქიზე, ძალზედ მნიშვნელოვანია პროფესიული სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა. ხშირ შემთხვევაში იმდენად გაჯერებულია პოლიტიკით სივრცე, რომ მეორე “პლანზე” გადადის პროფესიული საკითხები და სიზუსტე. ჩვენ არ გვაქვს უფლება კონსტიტუციაზე მაღლა დავაყენოთ ცალკე გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურად მიზანშეწონილი იყოს. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური გალაშქრების მოწოდებები იყო. ეს არის კატასტროფული შეცდომა, რომელიც დაუშვა თავის დროზე სააკაშვილმა და დიდი ვექტორის მიმართვა იქითკენ, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობის დამარხვა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ და გვასწავლიან იმას, რომ სისტემა უნდა გაიწმინდოს კონკრეტული ადამიანებისგან. ეს თავისთავად ძალიან სახიფათო მოწოდების შემცველია. არ შეიძლება რეფორმების შეფასების ინდიკატორად გვყავდეს ცალკეული ოდიოზური პიროვნებები. არასწორია, როდესაც რამდენიმე ინციდენტის კვალობაზე ვაფასებთ ზოგადად სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე ტენდენციებს და ვმსჯელობთ კონკრეტულ ფიგურებზე. დაინტერესდა ვინმე იმით, რა შედეგი მოიტანა მართლმსაჯულებისთვის როდესაც სასამართლოს პირველმა, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღა გატარდა? 2012 წლამდე გაპარტახებული იყო სასამართლო და მინუს ნიშნულიდან მოგვიწია დაწყება საქმეების კეთების, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, ოთხივე ტალღა იყო უმნიშვნელოვანესი. პოზიტიური ცვლილებები შემოვიდა სასამართლო სისტემაში. დღეს ძლიერი, უკეთესი და უფრო თავისუფალი მოსამართლეების რესურსი გაჩნდა ამ ტალღების შედეგად, ვიდრე ეს იყო 2012 წლამდე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე „სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შესახებ“ დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პოპულისტური ნაბიჯია.
„მგონია, რომ ეს არის სრულიად პოპულისტური ნაბიჯი. რაში სჭირდება ამ საკითხის შესწავლას საგამოძიებო კომისიის შექმნა? ამისათვის რელევანტური შეიძლება იყოს ის რაც წერია მიშელის დოკუმენტში, დავსხდეთ და ექსპერტულ დონეზე შევისწავლოთ მესამე და მეოთხე ტალღების გავლენა - დადებითი იყო თუ უარყოფითი. ამაზე არავინ საუბრობს, უნდათ წარმოდგენების დადგმა, რომელზეც დაიწყება დისკუსია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.