„2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი განსაკუთრებით მძიმე მუხლებით, 2019 წელს კი სულ შესულია 131 საჩივარი. აი, ეს არის სხვაობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის,“ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„როდესაც კონკრეტულ ხელისუფლებას შეახსენებ მის მიერ გაკეთებულ საქმეებს, ეს საჭიროა პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რათა საზოგადოებამ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება არჩევნებზე. როგორი მიმართვიანობა იყო სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლამდე? 2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი განსაკუთრებით მძიმე მუხლებით - სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლება და უსაფრთხოება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და ა.შ. 2012 წელს 367 საჩივარი იყო წარდგენილი. 2019 წელს სულ შესულია 131 საჩივარი. აი, ეს არის სხვაობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.