ჯეიმს აპატურაი დღეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება. ეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მისი ბოლო ვიზიტია.
აპატურაის განცხადებით, მისი ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, ასევე NATO-სთან საქართველოს დაახლოებას.
„აპატურაი NATO-ს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენელია და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს ჩვენს ქვეყანას. რეალურად მისი ჩამოსვლა გამოხატავს იმ ამოცანას, რაც NATO-ს აქვს - ახლოს ჰყავდეს მოკავშირე ამ მეტად რთულ ვითარებაში“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ყველა ასეთი ვიზიტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო მზად არის NATO-ს წევრობისთვის.
„რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ჩვენ დიდი სიამოვნებით შევხვდებით ჯეიმს აპატურაის“, - ამბობს მაჭარაშვილი.
აპატურაი საქართველოში 29 ივნისს ჩამოვიდა.