საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯეიმს აპატურაი მეთერთმეტე წელია, პირადი წარმომადგენელია NATO-ს გენერალური მდივნის და კურირებს რეგიონს.
„პრაქტიკულად მეთერთმეტე წელია, ამ პოზიციაზე, როგორც პირადი წარმომადგენელი NATO-ს გენმდივნის, კურირებს ჩვენ რეგიონს და წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს NATO-ს სტრუქტურებში და ის არის საქართველოს მეგობარი. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის NATO-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი NATO-ში. ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლისთავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისთვის და თქვენ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ ამ წლებში NATO-სთან მიმართულებით, რომელიც არის სერიოზული წარმატების გზა, ჩვენ ვნახეთ ბოლოს სამიტზე როგორ არის აღიარებული ჩვენი ეს წარმატებული გზა და რამდენად შორის ვართ მისული მისწრაფების მიმართ, რაც არის ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფება – გაწევრიანება NATO-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ამ გზაზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯეიმს აპატურაიმ იმ კუთხით, რომ გაჩნდა ნდობა საქართველოს მიმართ.
„საქართველოში ჩატარდა არაერთი წვრთნა, რომელმაც ჩვენი სტანდარტების ამაღლებისთვის, თავსებადობისთვის დიდი როლი შეასრულა. ჩვენ თუ დღეს ვართ ძალიან ახლოს, ღია კართან და ვიცით, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს, ეს არის პრაქტიკულად იმ ოჯახში ყოფა, რადგან კარები, კარები არის, გაწევრიანება, გაწევრიანებაა, მთავარია, ჩვენი ყოველდღიური თანამშრომლობა. ძალიან ბევრი დარგია, რომელშიც ვთანამშრომლობთ და ყველა დარგში თანამშრომლობა გვაძლევს იმ გაზრდილი უსაფრთხოების განცდას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვისაც.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღეს არა მხლლოდ იმისთვის ვართ აქ, რომ მადლობა გითხრათ ამ მეგობრობისთვის, ასევე გთხოვოთ – ვიცი, რომ ამ თხოვნაზე პასუხი იქნება დადებით – გთხოვოთ, რომ დარჩეთ ჩვენი მეგობარი იმ ახალ ფუნქციაში და ახალ თანამდებობაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და NATO-სთან ურთიერთობებისთვის.
თქვენ ახლა ჩაიბარებთ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ჰიბრიდული ომის, კიბერუსაფრთხოების საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც NATO-ს ყველა წევრისთვის, წარმოადგენს ახალ გამოწვევას და ამის წინაშე ჩვენ ვართ ყველანი ერთნი. ძნელია, განასხვავო ამ გამოწვევის წინაშე წევრი და არაწევრი ქვეყანა, ამ გამოწვევებს ერთად უნდა დავხვდეთ ძლიერად. ამ ახალ ეპოქაში, გვაქვს დიდი იმედი და მადლობელი ვართ, ვიცით, რომ ბრიუსელში გვეყოლება ისეთივე მეგობარი, როგორც იყო აქამდე დღევანდელ თანამშრომლობაში. მინდა, გისურვოთ ახალ თანამდებობაზე დიდი წარმატება, რადგან ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გვქონდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მისიას ასრულებს და მუშაობს გააგრძელებს NATO-ს გენმდივნის წარმომადგენლად კიბერუსაფრთხოების საკითხებში.