„ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც მე ოდესმე მიმიღია. ის მივიღე არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ NATO-სა და ყველა ჩემი კოლეგის სახელით, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას საქართველოსთვის,“- ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ ოქროს საწმისის ორდენის ჯილდოს მიღებისას განაცხადა.
აპატურაის განცხადებით, ახლა, როდესაც ის NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას ასრულებს, ნათლად ხედავს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ წლების განმავლობაში განიცადა.
„ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ ამ პატივისთვის. ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო, რომელიც მე ოდესმე მიმიღია და სავარაუდოდ, ეს დარჩება კიდეც ყველაზე დიდ ჯილდოდ, ამიტომ ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. ეს ჯილდო მივიღე არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ NATO-სა და ყველა ჩემი კოლეგის სახელით, რომლებიც ძალიან ბევრს მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას საქართველოსთვის. მე მქონდა ძალიან ვრცელი პოლიტიკური სიტყვა დაწერილი, თუმცა ახლა დაწერილიდან არაფრის თქმას არ ვაპირებ. მსურს რამდენიმე საკითხზე გავამხვილო ყურადღება. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გადაგიხდით დიდ მადლობას. მეორე, გავიმეორებ იმას, რაც თქვენ უკვე თქვით იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა პროგრესი განიცადა ამ ქვეყანამ და რა თქმა უნდა, ახლა, როდესაც ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას ვასრულებ, უკან ვიხედები და ვხედავ, როგორი იყო საქართველო, როდესაც მე აქ პირველად ჩამოვედი.
პირველად ეს იყო შესანიშნავი ვიზიტი, რადგან მეგონა, რომ ეს იქნებოდა ჩვეულებრივი დიპლომატიური ვიზიტი, თუმცა შემდეგ ეს დასრულდა მთებში, სმითა და მანქანით მოგზაურობით, თუმცა მე არ ვსვამდი და არ ვატარებდი ერთდროულად, მინდა, რომ ეს ცალსახად აღვნიშნო. გავაცნობიერე, რამდენად სასიამოვნო და სახალისო იყო აქ ყოფნა, თუმცა შემდეგ, ასევე, გავაცნობიერე, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი, რომ ყოფილიყო დასავლეთის ნაწილი. მე ეს დავინახე პირველსავე დღეს და ამას ვხედავ დღესაც,“- განაცხადა აპატურაიმ.