„ძალადობა მიუღებელია და ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ, სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქეს - პოლიციის ასეთი მაქსიმალური მობილიზება გამართლებული იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებს თბილისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.
თალაკვაძის თქმით, პოლიციამ შეძლო და თავი გაართვა რთულ ამოცანას, დაეცვა მოქალაქეები, რომლებიც მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება „პრაიდის” მოწინააღმდეგების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ აღმართა, თალაკვაძის თქმით, ამის გამო კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, რომელსაც პარლამენტის წევრები ცოტა ხნის წინ შეხვდნენ.
„კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აღმართა ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობაზე. ეს გამოხატავს ჩვენი ხალხის და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი, აქვს ასოცირების შეთანხმება და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. მნიშვნელოვანია ყველა გავერთიანდეთ ეროვნული ინტერესების გარშემო.
ადამიანები, ვინც დროშა ჩამოხსნა, წინააღმდეგობაში მოდიან ჩვენი ხალხის და ქვეყნის ისტორიულ არჩევანთან, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. დღეს ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ არის აღმართული. კომისარმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით გადაუხადა კუჭავას მადლობა ამისთვის.
ეს გამოხატავს არა მხოლოდ პარლამენტის პიზიციას, არამედ ჩვენი საზოგადოების არჩევანს და დამოკიდებულებას, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისთვის ვიმუშავებთ და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამის გარშემო გვქონდეს ერთიანი პოზიციები. საზოგადოების რომელიმე ჯგუფებს შორის დაპირისპირება იმის თაობაზე, ევროკავშირის დროშა უნდა იყოს თუ არა პარლამენტის წინ და საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს თუ არა, რეალურად არ არსებობს. ცალკეული ადამიანები, ვინც ეს გააკეთეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის არჩევანს.
რაც შეეხება პოლიციელთა ქმედებებს, მთელმა საზოგადოებამ ნახა პოლიციელების დამოკიდებლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ”,- განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება იმას, უნდა მივიდეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში, თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციას პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მისი დაბარების შესაძლებლობა აქვს.
„სინამდვილეში ბოლო ორი სამი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრების და მინისტრების მოსმენების რაოდენობა ჯამურად აღემატება წინა ოცი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების და მინისტრების ვიზიტებს პარლამენტში, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მთავრობის ანგარიშვალდებულება გაზარდა პარლამენტმა და დღეს მთავრობა პარლამენტში მოდის და კითხვებს პასუხობს. მათ მოწვევას არეგულირება პარლამენტის რეგლამენტი”,- განაცხადა თალაკვაძემ.