„მოვიდა შს მინისტრი პასუხების გასაცემად, ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, რაც საზოგადოებისთვის, უმრავლესობისთვის საინტერესო იყო და ვიხილეთ მაქსიმალური დესტრუქცია იმისთვის, რომ ეს სხდომა არ შემდგარიყო”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ მოვიდა შს მინისტრი პასუხების გასაცემად, ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, რაც საზოგადოებისთვის, უმრავლესობისთვის საინტერესო იყო და ვიხილეთ მაქსიმალური დესტრუქცია იმისთვის, რომ ეს სხდომა არ შემდგარიყო. გამომდინარე აქედან, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია არ არის დაინტერესებული არცერთ საკითხში კონკრეტულ ვითარებაში გარკვევისთვის, მათთვის მთავარი არის ზოგადი დესტრუქცია”,- ამბობს ქადაგიშვილი.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, დაიხურა. ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოსურათებით მივიდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე რამდენჯერმე იძულებული გახდა, ტექნიკური შესვენება გამოეცხადებინა.